ბლოგი

სტატუსშეჩერებული ქურდები

კანონიერ ქურდებზე ბევრის ახსნა ჩემს თაობას არ სჭირდება, მაგრამ... სტატუსშეჩერებული სტუდენტი გამიგია, სტატუსშეჩერებული დეპუტატიც გამიგია და ქურდზე ცოტა დავიბენი.

ყველამ კარგად ვნახეთ ე.წ. ქურდების აქტიურობა არჩევნებში, პოლიტიკაში, „სამოქალაქო კამპანიების“ დაგეგმვაში. ჩვენ თვალწინ კრიმინალური სამყარო პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა საკუთარი დეპუტატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, დამფინანსებელ-შემომწირველებით, მხარდამჭერი „მამაოებით“ და ჟურნალისტებით. ახალ სახელმწიფოში დავიწყეთ ცხოვრება ისე, რომ კარგად ვერც კი გავიაზრეთ სად ამოვყავით თავი. 29 აპრილს, საქართველოში რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ, ჩამოიყვანეს მორიგი კრიმინალური სამყაროს წევრი ოთარ ყალიჩავა, მეტსახელად „ოთარ ზუგდიდსკი“. რუსულენოვან საიტებზე ვკითხულობთ, რომ 2013 წლამდე ის ითვლებოდა ქურდად, 2013 წელს კი „კანონიერმა ქურდმა“ „ვიტია ტბილისკიმ“ ქურდობა ჩამოართვაო. დეპორტაციის შემდეგ „ოთარ ზუგდიდსკი“ შსს-მ არ დააკავა და ზუგდიდში ცხოვრების უფლება მისცა. 

მოდით ჩავხედოთ კანონს: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 2231:

„ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა (28.04.2006. N2937)

  1. ქურდული სამყაროს წევრობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
  2. კანონიერი ქურდობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ“.

აქვე უნდა ვახსენოთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ აღნიშნული მუხლი კონვენციის შესაბამისად გამოაცხადა და ამით წერტილი დაუსვა პოლიტიკურ სპეკულაციებს.

კანონში გარკვევითაა მითითებული ქურდული სამყაროს წევრობა ან კანონიერ ქურდად ყოფნა, როგორც დასჯადი ქმედება. საინტერესოა, როგორ გადაამოწმა შსს-მ მრავალჯერ ნასამართლევი „ოთარ ზუგდიდსკის“ ქურდულ სამაყროსთან კავშირის საკითხი: პოლიციელი მიდის და ეკითხება, ქურდი ხარ თუ არაო, რის შემდეგაც კითხვის ადრესატი პასუხობს - არ ვარ, სტატუსი მაქვს შეჩერებულიო. ამის მერე შსს ავრცელებს ცნობას, რომ „ოთარი ზუგდიდსკი“ კანონიერი ქურდი არ არისო?

შსს-ს ცნობა ის ცივი შხაპია, რომელმაც ყველა უნდა გამოგვაფხიზლოს. 

კრიმინალური მენტალიტეტი ისევეა ჩვენი კულტურის ნაწილი, როგორც კორუფცია. არავის სჯეროდა მისი ამოძირკვის, მაგრამ როცა გაქრა, აღარ გვენატრება. კრიმინალური კულტურაც ასეა. არ გვჯერა, რომ გაქრება და ანგარიშს გავუწევთ მანამ, სანამ სახელმწიფო თავის ადგილზე არ დადგება და არ აღკვეთს კანონგარეშე ძალადობას.

კრიმინალური, ანუ კანონის საწინააღმდეგო ქცევის მიმართ ინტერესი ყოველთვის იქნება. ჩვენს ცნობიერებაში ჯერაც გვიჭირს მკაფიო ხაზის გავლება ჩვეულებრივ დამნაშავესა და ე.წ. რობინ ჰუდებს შორის, რაც ასე მრავლადაა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში. არც ე.წ. კაკო ყაჩაღების მითოლოგიზაციას ვერიდებით და ხშირად, ბავშვები სამაგალითო გმირებადაც კი ირჩევენ ასეთ პერსონაჟებს.

თავისუფალ საზოგადოებაში „მეამბოხე სული“ ყოველთვის არსებობს და არის პროტესტი წესრიგის, სახელმწიფოს ძალადობის, ცუდი კანონების, ძალასთან უმწეობის განცდის მიმართ. კანონების მიმართ პროტესტი ისეთივე ძველია, როგორც თავად კანონები. თავის დროზე, პოლიტიკურად აქტიური, საჯარო პოზიციის მქონე არაერთი ცნობილი ადამიანი უპირისპირდებოდა კანონებს, სჩადიოდა „დანაშაულს“ და ამით ახდენდა უსამართლობის ლუსტრაციას. მათი თანამედროვეები იყვნენ ჩვეულებრივი დამნაშავეებიც: ქურდები, ყაჩაღები, თაღლითები, მკვლელები, გამომძალველები და ა.შ. მათი განწყობა კანონის მიმართ ისეთივეა, როგორც პოლიტიკური პროტესტის მქონე სამოქალაქო აქტივისტების, თუმცა, ამ ორ მოვლენას შორის განსხვავება არსებითია: სამოქალაქო აქტივისტი სახელმწიფოს „აწუხებს“ მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღების მიზნით. ის ცდილობს, დაანგრიოს იმგვარი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებას, თანამოქალაქეებს უფრო მეტს „ართმევს“, ვიდრე „მატებს“, ართმევს თავისუფლებას, ართმევს ქონებას, აფერხებს განვითარებას და ა.შ. 

კრიმინალი, სახელმწიფოს კანონების იგნორირების გზით, ცდილობს მოიპოვოს პირადი სიკეთე, ქონება, გავლენა და მას საჯარო ინტერესი ნაკლებად ამოძრავებს. კრიმინალების მოქმედება მიმართულია მათი თანასწორი თანამოქალაქეების წინააღმდეგ და მათგან გამორჩენის მიღებას ცდილობს მაშინ, როცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სამიზნე სახელმწიფო ავტორიტარიზმია.

ფრთხილად უნდა ვიყოთ და სამოქალაქო პროტესტი არ აგვერიოს კრიმინალურ ქცევაში. ცნებების არევას მივყავართ დამახინჯებულ, რომანტიზებულ წარმოდგენებთან კრიმინალის შესახებ და უცბად აღმოვაჩენთ, რომ ჩვეულებრივი ყაჩაღი ეროვნული გმირი ხდება. 

ამ ყველაფრის მოყოლა თითქოს რაში უნდა გვჭირდებოდეს, ისედაც ხომ ვიცით, მაგრამ ვიცით კი? როდესაც კრიმინალები საარჩევნო პროცესში პირდაპირ ერევიან, დემოკრატიის კრიმინალიზაციას და „პრიხვატიზაციას“ ცდილობენ, რასაც სახელმწიფოს უმოქმედობაც ახალისებს და ამას არ მოჰყვება საყოველთაო პროტესტი... ვიცით კი, რას ნიშნავს საზღვარი „ცუდსა“ და „კარგს“ შორის?

როგორი დამოკიდებულება გვაქვს კრიმინალთან? მათ კიდევ „ეროვნულ გმირებად“, „კაკო ყაჩაღებად“ და ძალის სიმბოლოებად ვთვლით, რაც, თავისი შინაარსით და ფორმით, მიმზიდველია ახალგაზრდა ადამიანებისთვის და მათ წარმოდგენებში უზრუნველყოფს „ქალებს“, ფულს და გავლენას, თუ დავშორდით ამ „გაგებას“ და კრიმინალს მივუჩინეთ კუთვნილი ადგილი საჯარო დისკუსიის განაპირა „ისტორიულ სანაგვეზე“?

ამ კითხვაზე პასუხს სანამ ერთად არ გავცემთ ისე, როგორც კალაბრიაში, მილანში, სახალხო გამოსვლებით და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ერთიანი „არა“-ს თქმით, მანამ კრიმინალი დარჩება ჩვენი ყოფის ნაწილად და ვერანაირი სახელმწიფო პოლიტიკა მას ვერ გააქრობს. პირიქით, სახელმწიფოს პოლიტიკოსებისა და კრიმინალის პირისპირ დატოვებით, ახალ საფრთხეს შევქმნით, თუკი ეს ორი ერთმანეთს შეუამხანაგდება - ეფექტური ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, რაც ორივესთვის სარგებლის მომტანი იქნება, როგორც ეს დღეს ხდება.

ჩვენი, სათითაოდ ყველას ერთად, აქტიურობის გარეშე, ამ სენს თავს ვერ დავაღწევთ.

„ის, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, კვდება მხოლოდ ერთხელ“ - ჯოვანი ფალკონე, იტალიელი მოსამართლე, რომელმაც არაერთი ცნობილი საქმე წარმართა მაფიის წინააღმდეგ. ააფეთქეს 1992 წელს.

კომენტარები