რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები R2-ზე: მოსამართლეებს უნდა ეხელმძღვანელათ ყველაზე მაღალი სტანდარტით

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ კოლეგიის რამდენჯერმე შეცვლა პრობლემაა, თუმცა, სასამართლოს ყველაზე მაღალი სტანდარტებით უნდა ემოქმედა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, შესაძლებელი იყო, რომ მოსამართლეს შუამდგომლობები დაეკმაყოფილებინა, რათა პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

„კოლეგიის რამდენჯერმე შეცვლა, მგონია, რომ პრობლემაა. ასევე ვფიქრობ, რომ ის შუამდგომლობები, ნაწილი, რომელიც იყო დაყენებული, შესაძლებელი იყო, თვითონ მოსამართლეს დაეკმაყოფილებინა. ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ არავის, ვინც ამ პროცესს მონიტორინგს უწევს და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ არ გაუჩნდეთ არცერთი კითხვის ნიშანი ამ პროცესთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი განიხილება წინასაარჩევნო კონტექსტში", - თქვა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს უნდა აეცილებინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და ესარგებლა მაღალი სტანდარტით.

„მეორე მოსამართლის აცილების საფუძველს ვერ ვხედავთ, მაგრამ რაც შეეხება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შემთხვევას, ვფიქრობთ, რომ მოსამართლეს და მის კოლეგებს უნდა ეხელმძღვანელათ ყველაზე მაღალი სტანდარტით და იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს აღქმაც კი მიკერძოების, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა თვითაცილების შესაძლებლობა ან მის კოლეგებს მიეცათ მისთვის აცილება. რა თქმა უნდა, მოსამართლეს რჩება შესაძლებლობა, რომ თავისი მოქმედებებით და გადაწყვეტილებებით პროცესის მიმდინარეობის დროს გააქარწყლოს მისი მიკერძოების შესახებ ეჭვი, თუმცა მაღალი სტანდარტით სარგებლობა იყო ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო სწორი და იქნებოდა მიზანშეწონილი მოქმედება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, ამ ტიპის დავა, რომელიც შესაძლოა შედეგობრივად დასრულდეს ისე, რომ მივიღოთ ნაკლებად კრიტიკული მედია, გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე.

„ეს შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის გამოცდის ვერჩაბარებად. ასე რომ, ჩვენი ყველას ამოცანაა სამოქალაქო სექტორის, ყველა მედიის, საზოგადოების, რომ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღება დაუთმონ", - განაცხადა დევდარიანმა.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. გუშინდელ პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი ორის წარმომადგენლების ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთი შუამდგომლობით ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის წევრის ნათია გუჯაბიძის აცილებას ითხოვდნენ. მეორეთი კი, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მომდევნო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 13 მაისს 11 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები