ბოტანიკური ბაღი

მერია: გაცვლილ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი არ აქვს, ნუ აყვებით პროვოკაციას

amerikiskhma.com

თბილისის მერიის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას გაუცვალეს, ძეგლის სტატუსი არ აქვს. მერიის შეფასებით, "გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს". თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან "მიზანმიმართულ პროვოკაციას". დედაქალაქის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად.

"ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, რაც მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას. აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა.
ამასთან, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა", - აცხადებს თბილისის მერია.

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს ფინსერვის XXI ბოტანიკური ბაღის 4ჰა ტერიტორია გადაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია თავის ბიზნესცენტრს მიუერთა.

შპს ფინსერვის XXI-ის და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებებით, მოხდა საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი "უსარგებლო, ხრიოკი, ქვა-ღორღიანი მიწის ნაკვეთი" თაბორის მთის ტერიტორიაში გაცვალეს. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს გაცვლა ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და სასარგებლოა. შპს ფინსერვისის მტკიცებით კი, ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა.

კომენტარები