ბოტანიკური ბაღი

მერია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ კიდევ 29 ჰექტარის ფართობის მიწას ყიდის

ტაბულა

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის გასხვისებული 4 ჰექტარის მახლობლად 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწის გასხვისების მიზანს იქ მრავალსართულიანი სასტუმროსა და ბიზნესკომპლექსის მოწყობა წარმოადგენს. მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 6233000,00 ლარია.

მერიის აუქციონის პირობები ასე გამოიყურება:

1) სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდა რვა) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 (ოცი ათასი) კვ.მ.

2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მიწის ამ ნაკვეთის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში არსებული კომპანია გახდება, რის შემდეგაც ივანიშვილს ამ ტერიტორიაზე მის უკვე არსებულ საკუთრებაში არსებული მიწის, ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარისა და აუქციონზე ნაყიდი 29.7 ჰექტარის გაერთიანებით 39.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე შეეძლება შენობათა კომპლექსის მოწყობა.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია ოლდ სიტი დეველოპმენტი პანორამა თბილისის პროექტს უკვე ახორციელებს, რისთვისაც კომპანიამ სოლოლაკის ქედის ნაწილი გადაჭრა, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

კომენტარები