ლარის გაუფასურება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო ინტერვენცია დღესაც მოახდინა, მან აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს ნაბიჯი სებ-ის მიერ ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.2317 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.23 თეთრით ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი გუშინაც შეისყიდა.

ეროვნულმა ბანკმა აპრილის მანძილზე სულ $40 მილიონი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციებმა $15 მილიონი შეადგინა. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

ლარმა გამყარება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მაშინ ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.48 ლარს შეადგენდა, მარტში კი დოლართან მიმართებით ლარი 16 თეთრით გამყარდა, აპრილში კი დოლართან მიმართებით ლარი კიდევ 8 თეთრით გამყარდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა არის ლარის გამყარების მთავარი მიზეზი, რადგანაც აპრილის თვის ფულადი გზავნილების, ექსპორტის, ტურიზმის, იმპორტისა და საგარეო ვალის სტატისტიკა მაისის თვემდე არ გამოქვეყნდება. თუმცა ფაქტია, რომ ბაზარზე ლარის მომავალ კურსთან დაკავშირებით მოლოდინები გაუმჯობესებულია.

კომენტარები