ლარის გაუფასურება

ლარი გამყარებას განაგრძობს, ერთი დოლარი 2.24 ლარი ღირს

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, ოფიციალური კურსით ლარი დოლართან მიმართებით 0.7 თეთრით გამყარდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.247 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი დღეს ეროვნული ვალუტა 0.25 თეთრით გამყარდა, ევროს ახალი ოფიციალური კურსი 2.53 ლარი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სწრაფი გამყარების გამო მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ბანკმა დღეს $10 მილიონი შეისყიდა, ეს აპრილში ბანკის პირველი ინტერვენციაა, მარტიდან მოყოლებული ბანკმა $25 მილიონი შეისყიდა.

ლარმა გამყარება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მაშინ ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.48 ლარს შეადგენდა, მარტში კი დოლართან მიმართებით ლარი 16 თეთრით გამყარდა. აპრილში გამყარების ტენდენცია გაგრძელდა.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა არის ლარის გამყარების მთავარი მიზეზი, რადგანაც აპრილის თვის ფულადი გზავნილების, ექსპორტის, ტურიზმის, იმპორტისა და საგარეო ვალის სტატისტიკა მაისის თვემდე არ გამოქვეყნდება. სწორედ ამ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რა ტენდენცია ექნება კურსს უახლოესი თვეების მანძილზე. 

კომენტარები