საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს ნაბიჯი სებ-ის მიერ ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა 2.25 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 1.4 თეთრით ნაკლებია. ევროსთან მიმართებით კი დღეს ეროვნული ვალუტა 2.6 თეთრით გამყარდა, ევროს ახალი ოფიციალური კურსი 2.53 ლარი გახდა.
ლარმა გამყარება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მაშინ ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.48 ლარს შეადგენდა, მარტში კი დოლართან მიმართებით ლარი 16 თეთრით გამყარდა. აპრილში გამყარების ტენდენცია გაგრძელდა. ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვა მარტში დაიწყო, სულ ამ თვის მანძილზე ორი ინტერვენცია განხორციელდა, რომლის საერთო მოცულობამაც $15 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა არის ლარის გამყარების მთავარი მიზეზი, რადგანაც აპრილის თვის ფულადი გზავნილების, ექსპორტის, ტურიზმის, იმპორტისა და საგარეო ვალის სტატისტიკა მაისის თვემდე არ გამოქვეყნდება. სწორედ ამ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რა ტენდენცია ექნება კურსს უახლოესი თვეების მანძილზე.





