განათლება

მთავრობა პედაგოგთა ხელფასებს 50 ლარით ზრდის

thedailysheeple.com

საქართველოს საჯარო სკოლებში დაახლოებით 57 ათასი პედაგოგი ასწავლის, ისინი აპრილიდან 50 ლარით გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, დღეისთვის პედაგოგის საბაზო ხელფასი უკვე 405 ლარს შეადგენს, რაც 2012 წელს არსებულ საბაზო ხელფასს 65%-ით აღემატება. განათლების სამინისტრომ პედაგოგების ხელფასების გაზრდისთვის მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება გაზარდა. 

"კარიერული სქემის ფარგლებში პირველი აპრილიდან, როგორც ეს დაგეგმილი იყო, კიდევ იგეგმება სახელფასო ზრდა. საბაზო ხელფასი გაიზრდება კიდევ 50 ლარით და შესაბამისად გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით. 2012 წელს ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც შედგებოდა 245 ლარისგან. დღევანდელი სურათი, ცვლილების შედეგად, საბაზო ხელფასი არის უკვე 405 ლარი, რაც არის უკვე დაახლოებით 65%-იანი ზრდა. მომდევნო ზრდა უკვე მასწავლებლის ხელფასში იგივე სქემით გათვალისწინებულია 2017 წლის პირველი იანვრიდან, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდისათვის მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარი უნდა იყოს. ამ პერიოდის განმავლობაში სახელფასო ზრდისათვის სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსება გაზარდა და კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასის გასაზრდელად დღეისათვის მიმართა დამატებით 90 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2017 წლის ზრდას, კიდევ დამატებით დაგვჭირდება 35 მილიონი ლარი, რომლის დამატებით გაზრდის ვალდებულება მთავრობას აქვს აღებული შესაბამისი განკარგულებებით, რომლებიც არეგულირებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების წინსვლის სქემას", - ამბობს თამარ სანიკიძე.

2015 წლის მდგომარეობით, პედაგოგები 553 994 მოსწავლეს ასწავლიან. 2016 წლის ბიუჯეტით, მოსწავლეთა ვაუჩერებსა და სკოლების დაფინანსებაზე 507 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც წინა წლის დაფინანსებას 16%-ით აღემატება.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სექტორში არსებული საშუალო ხელფასი 625 ლარი იყო. 

კომენტარები