მედიის თავისუფლება

სახ.დეპარტამენტი R2-ზე: არსებობდა ეჭვები, რომ იყო აშკარა პოლიტიკური ჩარევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს შესახებ, მედიის ნაწილში, სახელმწიფო დეპარტამენტი აქცენტს მედიაპლურალიზმსა და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს. ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში მედიაპლურალიზმის მიმართულებით კითხვები გაჩნდა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კითხვები ქვეყნის წამყვან სატელევიზიო საშუალება რუსთავი 2-ის გარშემოც არსებობდა. 

"წლის მანძილზე მედიის მიმართულებით არსებული მთავარი პრობლემა მედიაპლურალიზმის შენარჩუნება იყო, რაც არასამთავრობოთა პოზიციის მიხედვით, პირველ რიგში, მედიის საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევებს უკავშირდებოდა. არსებობდა ეჭვები, რომ იყო აშკარა პოლიტიკური ჩარევა ქვეყნის წამყვანი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის მიმართებით, რასაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვებიც დაერთო. სახელმწიფოს განცხადების მიუხედავად, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო კერძო პირებს შორის იურიდიული დაპირისპირება, სასამართლოს ქვედა ინსტანციის ქმედებები განიხილებოდა, როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ არხი ხშირად ოპოზიციურ ძალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უთმობდა საკუთარ საეთერო ბადეს. ბევრისთვის, გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს მთავრობის დამოკიდებულებასა და ვალდებულებებზე მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით", - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავა 2014 წლის ივლისში არხის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილიდან მალევე განახლდა. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, "არ არსებობს პირდაპირი მითითება იმაზე, რომ მთავრობამ ცენზურა განახორციელა". დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტელეკომპანია იმედმა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს საკუთარი საეთერო ბადიდან მოხსნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანის გადაცემა, რასაც ამავე პერიოდში დაერთო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანის გათავისუფლება.

"2015 წლის 29 აგვისტოს იმედმა განაცხადა, რომ ხურავდა არხის ორ ყველაზე პოპულარულ პროექტს. გადაცემების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გადაცემების დახურვის მიზეზები პოლიტიკური იყო. ამავე ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 31 აგვისტოს განცხადება, როდესაც მან მედიის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებს საგანგაშო უწოდა", - ნათქამია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ 2015 წელს დამოუკიდებელი მედია იყო საკმაოდ აქტიური და გამოხატავდა მოსახლეობის ფართო სპექტრის შეხედულებებს.

"ამავდროულად, ინარჩუნებდნენ პოლიტიკურად პოლარიზებულ სახეს და მოსახლეობას აწვდიდნენ ობიექტურ და ნეიტრალურ შეხედულებას შეზღუდულად. ტელევიზია იყო ინფორმაციის გავრცელების უმთავრესი წყარო მოსახლესობის დაახლოებით 85%-ისთვის. წამყვანი სატელევიზიო საშუალებები გამოხატავდნენ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ პოზიციებს უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. გაიზარდა ტელევიზიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა მათი დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაც. თუმცა ადგილობრივი არასამთავრობოები ზოგიერთი ტელეკომპანიის მიმართულებით მაინც აჟღერებდნენ ინფორმაციას, რომ მათ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები არცთუ ისე გამჭვირვალე იყო", - წერია ანგარიშში.

კომენტარები