ბლოგი

ორი წელი ფეისბუკში ანუ ერთგული და მტრული „მეგობრების“ გარემოცვაში

მეც მიკვირს, რომ ასე ცოტა ხნის წინათ გავხდი ამ თანამეგობრობის წევრი. მეგონა, რომ მთელი ათწლეულია, რაც აქ ვარ. სინამდვილეში მხოლოდ ორი წელი გასულა. უამრავი მოსაზრება დამიგროვდა ფეისბუკზე. ერთ დისერტაციას ნამდვილად ეყოფა. შეიძლება შევეჭიდო ამ საკითხს ჰობის სახით.

როცა ამ ოცი წლის წინათ ბრიტანულმა „ეკონომისტმა“ ბიგ-მაკის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰამბურგერის ფასი იყო ერთმანეთთან შედარებული, მსგავსი სიახლე ალბათ ყველამ ღიმილით მიიღო. დღეს უკვე ამ ინდექსზე დისერტაციებიც კი იწერება. მსოფლიოს ქვეყნების ვალუტების მსყიდველობითუნარიანობის განსაზღვრისას, თუ მთელი სერიოზულობით არა, ცალ თვალს მაინც გააპარებენ ამ ცხრილისაკენ სერიოზული მეცნიერებიც. ფეისბუკი, სულ მალე, კიდევ უფრო მრავალმხრივი შესწავლის ობიექტი გახდება.

აქ მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო: ხშირად არის მოწოდებები, რომ წაშლიან მეგობრების სიიდან იმათ, ვისაც ესა თუ ის პიროვნება ეყოლება მეგობრებში. ასეთ  მიუღებელ  ადამიანებად ხშირად სახელდებიან აშკარად ოდიოზური, მორალურად კომპრომეტირებული ან პოლიტიკურად დაპირისპირებული ფეისბუკსუბიექტები. მეგობრების „წმენდა“, „გაცხრილვა“, „გაფილტვრა“ ჩვეულებრივ ფეისბუკსამუშაოდ ჩამოყალიბდა.

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე პიროვნება, რომელთან არასდროს დავიჭერდი თუნდაც ვირტუალურ მეგობრობას და, ბუნებრივია, ისინი არა მყავს სიაში. თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში.

ფეისბუკი იმიტომაც არის უნიკალური, რომ მრავალვარიანტულია და ყველას გემოვნებას თუ ინტერესს აკმაყოფილებს. ზოგი ჩაკეტილ ჯგუფში ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, ზოგს ღია ფორმა ურჩევნია, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის დაზღვეული შეურაცხყოფისა და დამცირებისაგან. ამიტომ, ბევრი ერიდება ისეთი მეგობრების ყოლას, რომელთანაც არ აქვს ერთიანი ინტერესები, მსგავსი შეხედულებები. მათთვის ნაცნობებთან და თანამოაზრეთა ვიწრო წრეში ყოფნა უფრო სასიამოვნოა. ეს განტვირთვის, დროის მოკვლის, კარგ ხასიათზე დაყენების საშუალებაცაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ ხარ პოლიტიკოსი ან საზოგადოებრივად აქტიური პირი და არც საკუთარი იდეების გავრცელება გაქვს დასახული მიზნად.

აქვს თუ არა რაიმე სახის უარყოფითი მხარე მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას? როგორც ამბობენ, კი. ამერიკელმა მკვლევრებმა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და მინესოტის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ეხება პოლიტიკურ დებატებს სოციალურ ქსელებში. მათი აზრით, „კლასტერიზაცია“, ერთგვაროვანი ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც მსგავს შეხედულებებს იზიარებენ, მომხმარებლებში კომფორტის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ამ ტენდენციას მივყავართ გამოთქმული მოსაზრებების რადიკალიზაციისაკენ და აღრმავებს პოლარიზაციას ადამიანებს შორის. ანუ, „სამეგობროში“, თანამოაზრეებში ჩაკეტვა ვერ განგვაწყობს უფრო ლოიალურად განსხვავებული შეხედულებების მქონეთა მიმართ, ვერ გვაცილებს უსიამოვნებებს მათთან ურთიერთობაში, პირიქით, უფრო ამძაფრებს მას.

ახლობლებთან და თანამოაზრეებთან მშვიდი ურთიერთობა ბევრისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე განსხვავებული აზრის მოსმენა ან ვინმეს გადარწმუნების პროცესში ჩართვა. ეს ყველას პირადი არჩევანია. მოწოდებები იმის შესახებ, რომ არ „იმეგობრონ“ იმათთან, ვისთან ურთიერთობა მათ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, არ არის სწორი არც ეთიკურად და არც პრაგმატულად. ფეისბუკი იდეების გავრცელების ყველაზე სწრაფი და მარტივი ხერხია და ჯანსაღ კამათში შეიძლება მართლაც დაიბადოს ჭეშმარიტება. ბევრი შეიძლება საკუთარი აზრების სისწორეში დაარწმუნო ან ბევრმა შეიძლება გადაგარწმუნოს. ან, უბრალოდ, არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ცხოვრების მფეთქავ პულსზე გედოს ხელი.

კომენტარები