NDI-ის ანგარიში

NDI: შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება

noflytripping.wordpress.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, 2016 წლის მარტში ყველაზე ნაკლები გამოკითხული ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კერძოდ, 2009 წელს გამოკითხულთა 40-50% ფიქრობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2010 წელს - 50-53%, 2011 წელს - 36-60%, 2012 წელს - 55-60%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 40-55%-ს შორის მერყეობდა, 2014 წელს გამოკითხულთა 40% ფიქრობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 2015 წელს ასე მხოლოდ კვლევაში მონაწილეთა 25% მიიჩნევდა. რაც შეეხება 2016 წლის მარტს, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა მხოლოდ 20% პასუხობს, რომ  "სწორი მიმართულებით".

შესაბამისად, გაზრდილია მათი რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16-18% იყო, 2013 წელს - 9-15%, 2012 წელს - 10-22%, 2011 წელს - 18-19%, 2010 წელს - 18-20%, ხოლო 2009 წელს - 17-31%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები