ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გაქურდული ბინის ხელოსანს დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს მე–4 განყოფილების გამომძიებელმა განცხადება არ დააწერინა. ადვოკატის ცნობით, სამუშაოზე მისულ ხელოსანს ბინა გაქურდული დახვდა, ის პოლიციაში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ „ათასი ქურდობა ხდება, მილიონში ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ გაგიმართლოს და საქმე გაიხსნას, ამიტომ, ნურც შენ წვალობ და ნურც ჩვენ გვაწვალებ, აზრი არ აქვს მაინც და ეგებ შენით გაარკვიო რაიმე, წადი სახლში". ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც გენერალურ ინსპექციაში დარეკეს, ხელოსანი ადვოკატთან ერთად მიიღო განყოფილების უფროსის მოადგილემ და დაზარალებულის ბრალდებები უარყო. მისი მტკიცებით, ხელოსანს ოპერატიული თანამშრომელი გააყოლა.
"პოლიციელები "ვაიძულე", გამოძიება დაეწყოთ. ჩემი წასვლის შემდეგ, დაეტაკნენ ხელოსანს – რატომ მოიყვანე ადვოკატი და რატომ დარეკეთ შსს–ს გენინსპექციაშიო. დაიწყეს ზეწოლა, აიძულებდნენ, დაერეკა გენინსპექციაში და დაეფიქსირებინა, თითქოს აღელვების ნიადაგზე მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და პოლიციის მხრიდან უყურადღებობას ადგილიარ ჰქონია. ხელოსანი წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ, გამომძიებელმა ნამჯოშვილმა, გაქურდული ხელოსნის ტელეფონით თავად დარეკა გენისნპექციის ნომერზე 126 და შეატყობინა - მე ვარ ესა და ეს (ხელოსნის სახელი გვარი), ბინა გაქურდული დამხვდა და აღელვების ნიადაგზე დავრეკე თქვენთან, მოგაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ უყურადღებოდ დამტოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია და გთხოვთ მიიღოდ ცნობადო. ეს ხდება განყოფილების უფროსის მოადგილის თანდასწრებით მისსავე კაბინეტში. პოლიციის შენობიდან 8 საათის შემდეგ გამოსულმა ხელოსანმა შემატყობინა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ასევე ვაცნობეთ შსს–ს გენინსპექციას. აღმოჩნდა, რომ ამ ხელოსნის ტელეფონს მე–4 განყოფილება უკანონოდ უსმენენს. გენინსპექციასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ კრიმინალისტებს გაქურდული ბინის "დამუშავებისას" დარჩენიათ "ფხვნილი" და მოგვიტანეო. ცხადია, რომ პოლიცია უკანონოდ უსმენდა და როგორც კი შეიტყვეს ხელოსნის გენინსპექციაში განხორციელებული ზარის შესახებ, შეეცადნენ მის მე–4 განყოფილებაში მიტყუებას შემდეგი "დამუშავების" მიზნით" - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია სწავლობს და დამატებითი ინფორმაცია მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.





