ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

გირჩი პარტიის დამფუძნებელ ყრილობას 16 აპრილს ჩაატარებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, 16 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში პარტიის დამფუძნებელ ყრილობას ჩაატარებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "მოვიდა დრო, ახალი პოლიტიკური ცენტრი იქცეს პარტიად". მან მოუწოდა მხარდამჭერებს, 16 აპრილს ფილარმონიაში მივიდნენ. 

"ჩვენი ცენტრის წინასწარ გაცხადებული მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ახალი პოლიტიკური ძალა. ძალა, რომელიც შეცვლიდა ქართულ პოლიტიკას, ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაუხსნიდა კარს ახალ ადამიანებს, პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნებოდა თავისუფლების იდეის მატარებელი, იქნებოდა ფოკუსირებული რიგითი მოქალაქეების პრობლემებზე. ისაუბრებდა ამ პრობლემებზე და შესთავაზებდა ამ მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრის გზებს. თუ ვინმე თვალყურს ადევნებდა ჩვენს მოღვაწეობას, ამ თვეების განმავლობაში, ნათლად დაინახავდა, რომ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ამ თვეებს განმავლობაში დაკავებულები ვყოფილიყავით პარტიის ფორმირებით, ვიცავდით კონკრეტულ პრინციპებს და ვიბრძოდით კონკრეტული იდეებისთვის. ცხადია, ჩვენ ძირითადად ფოკუსირებული ვიყავით ეკონომიკურ პრობლემებზე, ცხადია, ეს არის ის პრობლემები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად, ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მთავრობამ ფლანგოს რაც შეიძლება ცოტა ფული, ეკონომიკას მიეცეს საშუალება სწრაფად განვითარდეს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გაუქმდეს ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო არ აიძულებდეს ახალგაზრდებს დაკარგონ საკუთარი ცხოვრების ერთი წელი სრულიად უაზროდ და უშინაარსოდ და ამ ქვეყანაში ახალგაზრდებმა აღარ იცხოვრონ მუდმივ შიშში, რომ მათ ვიღაც ხელს მოჰკიდებს და წაიყვანს და ერთი წელი სადღაც ყარაულად დააყენებს. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში აღარ სვამდნენ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მიწა დაუკანონდეს მის ტრადიციულ მფლობელებს და ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს კერძო საკუთრება მიწაზე და ადამიანებს აღარ ჰქონდეთ შიში იმისა, რომ სახელმწიფო ერთ დღეს მათ მიწას ჩამოართმევს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები