არჩევნები 2016

კანონპროექტით, სიაში მყოფ პრემიერმინისტრს არჩევნებამდე გადადგომა აღარ მოუწევს

თორნიკე ბარათაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტით, პრემიერმინისტრს არჩევნებამდე ორი თვით ადრე თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს. მას უფლება ექნება, მთავრობის მეთაურად დარჩეს და ამავდროულად, საპარლამენტო საარჩევნო სიაშიც იყოს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორები გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გიორგი ვოლსკის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ის, რომ პრემიერმინისტრმა სრული კანონის დაცვით თან მართოს საგანგებო მნიშვნელობის საკითხები და თან ჩართული იყოს წინასაარჩევნო პერიოდში.

„პრემიერმინისტრის გადადგომა, რომელიც მთავრობის გადადგომასაც ითვალისწინებს, არ უნდა გახდეს ქვეყნისთვის პრობლემა, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში და გარკვეული იურიდიული, სამართლებრივი, ორგანიზაციული კაზუსი არ უნდა განაპირობოს. სწორედ ეს არის კანონპროექტის შემოტანის არსი, რომ პრემიერმინისტრი დარჩეს თავის პოზიციაზე კანონის სრული დაცვით. რასაკვირველია, მან უნდა მართოს საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, მითუმეტეს ახლა, ამ გამოწვევების პერიოდში და ამავე დროს იყოს ჩართული სიაში. ერთი შვებულების აღებით იქნება მოხერხებული თუ კანონთან შესაბამისი სხვა გზებით, ეს სხვა საკითხია, მომავალი გვიჩვენებს. ადმინისტრაციულიო რესურსის გამოყენება არ უნდა გინდოდეს ისე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა თორემ სააკაშვილიც გადადგა პრეზიდენტობიდან, მაგრამ ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებდა და პრაქტიკულად პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა", - ამბობს ვოლსკი.

ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, პრემიერი ამ ცვლილებით რაიმე ახალ პრივილეგიას არ იძენს.
„დღევანდელი წარმოდგენილი კანონპროექტი არაფერს ხელს არ შეუშლის, ზედმეტი ცხიმი არ აწყენსო - აი ასეთი სიტუაციაა, უფრო გარკვევით, რომ მას არ ჰქონდეს გარკვეული სპეკულირების უფლება და საშუალება, თორემ ამ ჩანაწერით, ამ ცვლილებით, პრემიერმინისტრი არავითარ სხვა პრივილეგიას არ იძენს. [კანონპროექტს] იმიტომ არ შევიტანდი, რომ იმათ [ოპოზიციას] სალაპარაკო არ ჰქონოდათ. რაც არ უნდა იყოს, უმცირესობა იმის არის, რომ გააკრიტიკოს",- ამბობს ტყემალაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ეს ცვლილება არ არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესების მცდელობა.

„კლასიკური ნიმუშია კანონმდებლობის შეცვლისა საკუთარი, კონკრეტული, ამწუთიერი ტაქტიკური, პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად, რაც არანაირად არ არის ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ნიმუში. ასეთი შემთხვევები ყოფილა, ასეთი შემთხვევები გრძელდება ამ ხელისუფლების მხრიდან და პრინციპში ერთ-ერთი ნიმუშია და არა ერთადერთი, რასაც აკეთებენ. მეორე, შეიძლება გავიხსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურების გართულების მცდელობა, რასაც ახლა ადგილი აქვს, ესეც პიროვნულ შურისძიებაზეა მგონი, დაყრდნობილი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნათელია, რომ უბრალოდ ვიღაცამ გადაწყვიტა - მოდი, კვირიკაშვილი იყოს სიაში და მოდი, ამის გამო შევცვალოთ კანონი",- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი, საარჩევნო კოდექსს ბევრი სხვა ხარვეზი აქვს და ამ ცვლილებაზე მუშაობა ირონიულია.

„ირონიულია, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი იპოვა საარჩევნო კოდექში შესაცვლელი, გარდა იმისა, რომ შეიქმნას საკუთარი ლიდერისთვის კომფორტი",-ამბობს ჩიქოვანი.

კომენტარები