საგარეო ვალი

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 14.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

REUTERS

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $6 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 43.3%-ია. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა კი $15 მილიარდს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალს, კერძო სექტორის საგარეო ვალს და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს. 

სახელმწიფო საგარეო ვალი 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით $6 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 43.3%-ია. აქედან $4.4 მილიარდი უშუალოდ ცენტრალური მთავრობის ვალია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალი $219 მილიონია, სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების ვალი კი $1.4 მილიარდია.

მთლიან საგარეო ვალში პირველ ადგილზე კერძო სექტორის ვალია, საბანკო სექტორის საგარეო ვალი $2.9 მილიარდია, ხოლო სხვა კერძო სექტორების ვალი $3.6 მილიარდია. 

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $135 მილიონით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის ვალი კი $33 მილიონით შემცირდა. $266 მილიონით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. $13 მილიონით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები. 

სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტიც, სახელმწიფო საგარეო ვალი საშინაო ვალზე უფრო ხელმწისაწვდომია. გრძელვადიანი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთი კი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. საგარეო ვალის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოდინება ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს. 

მთლიანი საგარეო ვალის 94% დენომინირებულია უცხოური ვალუტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში საგარეო ვალის მოცულობას ზრდის. 

საგარეო ვალის სტატისტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი. 

კომენტარები