ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.006 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 1.9 თეთრით გაუფასურდა

wikimedia.org

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინა. დღევანდელი ვაჭრობის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.006 თეთრით გამყარდა, ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.368 ლარი გახდა, კომერციულ ბანკებში კი მისი ღირებულება დაახლოებით 2.37-2.38 თეთრს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი დღეს ეროვნული ვალუტა 1.9 თეთრით გაუფასურდა, ევროს ახალი ოფიციალური კურსი 2.67 თეთრი გახდა.

ლარს მარტის დასაწყისში მკვეთრი გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა წინა კვირიდან გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებამ შეცვალა. მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეთა შეფასებით, ლარს ამ გაუფასურების მიუხედავად მომავალში გამყარების ტენდენცია ექნება. თამაზ მეჭიაური ბოლოდროინდელი გაუფასურების შესაძლო მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ $15 მილიონის შესყიდვასაც ასახელებს, თუმცა, ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ $15 მილიონის შესყიდვას ლარზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ინტერვენცია 21 მარტს განახორციელა, მაშინ სებ-მა $10 მილიონი შეისყიდა, წინა, $5-მილიონიანი ინტერვენცია კი 17 მარტს იყო. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

კომენტარები