ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ჩიტიძე: რეფერენდუმი არ არის ინსტრუმენტი - კანონის შესაცვლელად

გიორგი ჩიტიძე
ტაბულა

იურისტ გიორგი ჩიტაძის განმარტებით, რეფერენდუმი არ არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კანონის შეცვლისთვის ან ახალი კანონის მისაღებად. ჩიტაძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა კანონთან შესაბამისობაში არ მოდის.

"კანონმდებლობით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება კანონის მიღების ან მოქმედი კანონის გასაუქმებლად. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, გაუგებარია, თავად მოთხოვნის არსი რაში მდგომარეობს იმიტომ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსით, ქორწინების დეფინიცია არის განსაზღვრული - ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და თუ ვინმეს, მათ შორის კონკრეტულ მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ ამ დეფინიციასთან დაკავშირებით და სურთ, რომ ეს დეფინიცია გაუქმდეს ან სხვაგვარად მოხდეს მისი ჩაწერა, მათ აქვთ რამდენიმე გზა: ერთი - საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით და მეორე - საკანონმდებლო წინადადების, ინიციატივის სახით, რომ მოხდეს კონკრეტული ცვლილება კანონში. ჩემი აზრით, თავად ეს მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უბრალოდ კანონთან არ მოდის შესაბამისობაში იმიტომ, რომ მოთხოვნის კითხვის ფორმულირება არის: გსურთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს? - მოქმედი კანონმდებლობით ასეთი კავშირი ქორწინებად არ ითვლება და შესაბამისად ვერ დარეგისტრირდება სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე, თუ ამ ადამიანებს სურთ, რომ ეს კიდევ ერთხელ ჩაიწეროს, ეს უკვე წერია; თუ არ მოხდა ამის გაუქმება ან სხვაგვარად შეცვლა პარლამენტის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ასეთ მოთხოვნას უბრალოდ აზრი არ აქვს. მეტიც, რომც გაუქმდეს და სხვაგვარი ფორმულირება ჩაიწეროს კანონმდებლობაში კანონის გაუქმებისთვის ან ახალი კანონის მისაღებად რეფერენდუმი, როგორც ინსტრუმენტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტი ვერ იქნება გამოყენებული" - ამბობს ჩიტიძე.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა (შემადგენლობა - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).

გარდა ამისა, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ პარლამენტი ქორწინების თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონის პროექტს არ დაამტკიცებს, ქართული ოცნება საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. 

საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მიხედვით, 'არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.'

კომენტარები