ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 1.6 თეთრით გაუფასურდა, ერთი აშშ დოლარი 2.37 ლარი ღირს

REUTERS

ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.37 გახდა, რაც წინა კურსთან შედარებით 1.6 თეთრით მეტია. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.66 გახდა, რაც გუშინდელ კურსს 2.6 თეთრით აღემატება. 

ლარს მარტის დასაწყისში მკვეთრი გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა წინა კვირიდან გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებამ შეცვალა. მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეთა შეფასებით, ლარს ამ გაუფასურების მიუხედავად მომავალში გამყარების ტენდენცია ექნება. თამაზ მეჭიაური ბოლოდროინდელი გაუფასურების შესაძლო მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ $15 მილიონის შესყიდვასაც ასახელებს, თუმცა, ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ $15 მილიონის შესყიდვას ლარზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ინტერვენცია 21 მარტს განახორციელა, მაშინ სებ-მა $10 მილიონი შეისყიდა, წინა, $5-მილიონიანი ინტერვენცია კი 17 მარტს იყო. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

კომენტარები