ლარი დღეს დოლართან მიმართებით 2.3 თეთრით გაუფასურდა, შესაბამისად დოლარის ღირებულება 2.35 ლარი გახდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრობს ის ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ სავარაუდოდ მოსახლოებისთვის უარყოფითი შედეგი გამოიწვია. ეროვნულმა ბანკმა მარტში ინტერვენცია სულ ორჯერ განახორციელა და საერთო ჯამში $15 მილიონი შეისყიდა.
"როდესაც გამყარებაზე მიდიოდა ლარი ეროვნულმა ბანკმა დოლარი ორჯერ შეისყიდა. თავდაპირველად $5 მილიონი, შემდეგ კი $10 მილიონი. რამდენადაც ვიცით ეს თანხა მათ უკან აღარ გაუყიდიათ. გააჩნია ეკონომიკისთვის შესაძლოა არც იყო უარყოფითი, მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობისთვის შეიძლება იყო უარყოფითი. $10 ან $5 მილიონს როდესაც ყიდიან ან ყიდულობენ ეს მათი გადასაწყვეტია. ეროვნულ ბანკს ჰყავს დამოუკიდებელი საბჭო და ეს მათი გადასაწყვეტია." - ამბობს თამაზ მეჭიაური.
ეროვნულმა ბანკმა ბოლო ინტერნევიცა 21 მარტს განახორციელა, მაშინ სებ-მა $10 მილიონი შეისყიდა, წინა, $5 მილიონიანი ინტერვენცია კი 17 მარტს იყო. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ბანკი რეზერვებს ყიდულობს. ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვა ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბოლოდროინდელი გამყარების გარკვეული ნაწილი სწორედ აჟიოტაჟური ვაჭრობის შედეგია და ის რეალურად არსებულ ვითარებას გადაჭარბებით ასახავს.





