ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეა სამხრ. კორეის პრეზიდენტის წარმოსახვით რეზიდენციას თავს დაესხა

Reuters

ჩრდილოეთ კორეის არტილერიამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იმიტირებული თავდასხმა განახორციელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო არტილერიის წევრებმა ცეცხლი წარმოსახვით „სამიზნეებს", მათ შორის რეზიდენციასაც, გაუხსნეს.

იმიტირებულ იერიშს თვალს ადევნებდა თავად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. მისი თქმით, სამხედროები მზად არიან სამხრეთ კორეის მთავრობის განადგურებისთვის.

ამის შემდგომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ არმიის მზადყოფნის ბრძანება გასცა. მისი თქმით, ფხენიანის გუშინდელი ქმედება პროვოკაციაა, რაც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის თვითგანადგურებისკენ მიმავალი გზა შეიძლება გახდეს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო რეზიდენციას, რომელსაც „ლურჯ სახლსაც" უწოდებენ, ჩრდილოეთ კორეა 1968 წელს დაესხა თავს. მათი მიზანი მაშინდელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის მოკვლა იყო, თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს. თავდასხმას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან 31 სამხედრო ემსხვერპლა, სამხრეთ კორეელთა მხრიდან კი 7.

კომენტარები