საქართველო-ქუვეითი

უსუფაშვილი ქუვეითის ემირსა და პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, დავით უსუფაშვილმა შეხვედრები ქუვეითის სახელმწიფოს ემირ შეიხ საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰთან, ქვეყნის პრემიერ მინისტრ შეიხ ჯაბერ ალ მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰთან და ყოფილ პრემიერ მინისტრ შეიხ ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰთან გამართა.

"ტურისტთა რაოდენობა ქუვეითიდან ბოლო რამდენიმე წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა. ეს თავადაც ძალიან მისასალმებელ მოვლენად მიაჩნიათ. ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით მადლიერნი უნდა ვიყოთ ქუვეითის მიმართ, რადგან მათ 2008 წელს ომისგან უკიდურესად შეჭირვებულ საქართველოს 14 თვითმფრინავით გამოუგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. ეს მათი ჟესტი არ უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ქუვეითის სახელმწიფოს მეთაური საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც.

კომენტარები