ლარის გაუფასურება

ხადური: ლარზე არც გაუფასურების და არც გამყარების პერიოდებში არ გვქონია გავლენა

facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება რეგიონის ქვეყნებში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია. ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ლარს მომავალში რყევები აღარ ექნება და ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე ფინანსთა სამინისტროს არც გაუფასურების და არც გამყარების პერიოდებში არ მოუხდენია გავლენა. 

"საგარეო ფაქტორები შეიცვალა. რეგიონში, მათ შორის ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ეკონომიკებში შეიმჩნევა წინსვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდებოდა უცხოური ვალუტის შემოდინება. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და მე იმედი მაქვს, რომ ლარი დასტაბილურდება და არ მოხდება რყევები. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არც გაუფასურების პერიოდში და არც გამყარების პერიოდში ფინანსთა სამინისტროს არ მოუხდენია კურსზე ზეგავლენა", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ეკონომისტების ნაწილის შეფასებით კი, თებერვალში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა იყო. ეკონომისტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯვის სტრუქტურა შეცვალა და მას ლარზე უარყოფითი გავლენა აღარ აქვს.

დღეისთვის ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.29 ლარია და მას ყოველდღიურად 2-3 თეთრით გამყარების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკი სწრაფი გამყარების შერბილებას სავალუტო ინტერვენციებით ცდილობს, გუშინ ბანკმა $10 მილიონი დოლარი შეისყიდა, 17 მარტს კი - $5 მილიონი.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ბანკი რეზერვებს ყიდულობს. ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვა ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბოლოდროინდელი გამყარების გარკვეული ნაწილი სწორედ აჟიოტაჟური ვაჭრობის შედეგია და ის რეალურად არსებულ ვითარებას გადაჭარბებით ასახავს.

კომენტარები