ფარული ჩანაწერები

"ეს შენ გეხება" აქციას მართავს

ტაბულა

ამ წუთებში კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. NGO-ები უკანმონო თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპროტესტებენ.

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერები.

აქციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გავრცელების ეფექტურ გამოძიებას, ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩრთვას და კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციტივით გამოდიან, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კანონდარღვევებს გამოიძიებს.

თბილისის პარალელურად, აქციები ჩატარდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თელავში.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. 14 მარტს კი ინტერნეტში ახალი  ვიდეო აიტვირთა, სადაც მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა, კადრების გამავრცელებელი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

პროკურატურამ ორივე საქმეზე გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები