მიგრანტთა კრიზისი

მიგრანტთა კრიზისი: ევროკავშირი თურქეთს ახალ წინადადებას წარუდგენს

AP

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრის ქსავიე ბეტელის თქმით, ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით თურქეთისთვის წარსადგენ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის ერთობლივ პოზიციას თურქეთს დღეს გააცნობენ.

წინადადება თურქეთიდან საბერძნეთში გადასული ყველა მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, სავარაუდოდ, ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებასა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შესთავაზებს.

ბრიუსელში უკვე ჩავიდა თურქეთის პრემიერი აჰმეთ დავუთოღლუ, რომელიც იმედოვნებს, რომ მხარეები საერთო მიზანს მიაღწევენ და მიგრანტების დახმარებას შეძლებენ. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საბერძნეთიდან თურქეთში მიგრანტების სწრაფად დასაბრუნებლად, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტების ახალი ტალღა მანამ, სანამ ახალი სისტემა შევა ძალაში.

ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით კი, თურქეთში მიგრანტების დაბრუნება რთული პროცესი იქნება.

ამასთან, აჰმეთ დავუთოღლუს თქმით, ის არ შეეგუება თურქეთის "ღია ციხედ" გადაქცევას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან საბერძნეთში მიმავალი ნავებით მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, მხოლოდ წელს კი - 132 000-ზე მეტი.

კომენტარები