რუსეთ-საქართველო

ზაქარეიშვილი: დეოკუპაციამდე ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება გამორიცხულია

ისინი [რუსეთი] არაფერ ცვლილებას არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ [ოკუპაციის შესახებ კანონის] გაუქმებას და გამორიცხულია. როცა ეს კანონი დაიწერა, თავის დროზე, ჯერ კიდევ ჩვენამდე, იქიდან მოყოლებული, რუსეთიდან საუბარია ყოველთვის მის გაუქმებაზე. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან, იმ იმედით, რომ იქნებ ახლა მაინც გადაგვეხედა ჩვენი პოზიციისთვის, ასევე იქიდან წამოვიდა შეტყობინება, რომ კარგი იქნებოდა - გაუქმებულიყო ეს კანონი. ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, ახლაც გავიმეორებთ და არ შეგვეზარება მომავალშიც - გამორიცხულია, ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, რომ გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამორიცხულია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გრიგორი კარასინის განცხადებაზე, რომ "კარგი იქნება, თუ კანონს ოკუპაციის შესახებ საერთოდ გააუქმებენ". აღსანიშნავია, რომ ზაქარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვდა, რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც ერთჯერადად, საქართველოს საზღვრის ავლით, ანუ უკანონოდ შეაღწევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით დაისჯება.

კომენტარები