საზოგადოებრივი მაუწყებელი

მონიტორინგის საბჭო: მიშველაძის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭომ ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა. მიშველაძე დასკვნას სასამართლოში წარადგენს.

„ეს აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. მონიტორინგის საბჭოს შრომითი დავების განხილვა ევალება. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ ეს შრომით კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება, იმ ვალდებულებებსაც ეწინააღმდეგება, რა ვალდებულებებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ზოგადად მაუწყებლებს აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წინაშე. ეს უკვე სასამართლო დავის საგანია და ალბათ სასამართლოში გაგრძელდება. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ჩვენი დასკვნა", - ამბობს მონიტორინგის საბჭოს წევრი ემზარ გოგუაძე.

„სასარგებლოა მონიტორინგის საბჭოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას წავიღებ სასამართლოში. მოგეხსენებათ, რომ საბჭომ განიხილა ჩემი განცხადების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩემი განთავისუფლების საკითხი და მათ მიიჩნიეს ეს არაკანონიერად. საუბარია იმაზე, რომ აქ იყო პოლიტიკური ინტერესი, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა და კიდევ მრავალი პუნქტია ჩამოთვლილი, ალბათ გაეცნობა ყველა ამ დასკვნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა და მოხარული ვარ, რომ მონიტორინგის საბჭო ამ საქმით დაინტერესდა, რასაც ვერ ვიტყვი სხვა არაერთ საბჭოზე, რომელიც არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში", - ამბობს მიშველაძე.

ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან 10 თებერვალს გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიშველაძე "პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა და უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა". მიშველაძის ქმარი ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია.

კომენტარები