პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო გამოეხმაურა. TI-ის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დადგეს იმ ხელმძღვანელ პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი უშუალო მოვალეობაც იყო მსგავსი დანაშაულის პრევენცია და ეფექტური გამოძიება. TI-ის შეფასებით, "ფარული ჩანაწერების უკანონოდ წარმოებამ და მათმა გამოყენებამ პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოებრივად აქტიური პირების წინააღმდეგ საქართველოში მკვეთრად გამოხატული ტენდენციის სახე მიიღო". ორგანიზაციის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს.
"აშკარაა სამართალდამცავი უწყებების უკონტროლობა, პოლიტიზება, მათი საზოგადოებრივი ფუნქციის მოშლა და მათი რესურსების ჩაყენება ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების ინტერესების სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაანადგურა გასულ წლებში უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, აღნიშნულ საქმეებზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა და არ დამდგარა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იღებდნენ და ავრცელებდნენ ჩანაწერებს. სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა წარმოადგენს მსგავსი დანაშაულის წახალისებას. შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე პასუხისმგებლობა, ასევე, ეკისრება საქართველოს პარლამენტს, რომელმაც, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვერ შეძლო სამართალდამცავი უწყებების მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების მექანიზმის გამოყენების ეფექტურად დარეგულირება და ამდენად, ფაქტობრივად უარი თქვა თავისი, როგორც უმაღლესი საზედამხედველო ორგანოს, ფუნდამენტური ვალდებულების შესრულებაზე.
მნიშვნელოვანია, დადგეს იმ ხელმძღვანელ პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი უშუალო მოვალეობაც იყო მსგავსი დანაშაულის პრევენცია და ეფექტური გამოძიება, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ გადამჭრელი და გაბედული ზომებით იქნება შესაძლებელი მდგომარეობის შემდგომი გაუარესების და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება.
აუცილებელია, რომ მთავარმა პროკურატურამ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს პირადი ინფორმაციის გავრცელების უკანონო ფაქტი. მნიშვნელოვანია დანაშაულის შემკვეთთა გამოვლენა და დასჯა" - აცხადებს TI.
პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





