პირადი კადრები

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, "ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე" მიმართა. მოსამართლე დავით კურტანიძემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში 18 პირი დააკავა. სასამართლომ მათგან 4 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ხოლო დანარჩენები - გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ორი დღის წინ ისევ გავრცელდა. ატვირთვის ბრალდებით მოზარდი დააკავეს.

კომენტარები