ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარედგინათ. სწორედ ეს ორი უწყება გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.
საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ევროკომისია წინადადებაში აღნიშნავს, რომ განაგრძობს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე პუნქტის შესრულების მონიტორინგს.
როგორც დოკუმენტში წერია, ინიციატივა დამტკიცებიდან მეოცე დღეს შევა ძალაში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დაიბეჭდება. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში განცხადებას გააკეთებს.





