თბილისის მერია

მერია: ავტობუსების განახლებაზე განაცხადების მიღება მომავალ კვირას დასრულდება

amerikiskhma.com

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის შეხვნენ. თბილისის მერიის ცნობით, მათ ავტობუსების პარკის განახლებაზე, მეტროს მოდერნიზაციასა და საბაგირო გზების განვითარებაზე ისაუბრეს. 

"ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისათვის მიმდინარეა და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი იქნება ნათელი მაგალითი ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა - მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მათი მხრიდან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს შემოთავაზებული, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კი, EBRD-ის წარმომადგენლებს დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებისა და ტრანსპორტის ეკოლოგიურობის გაუმჯობესების კუთხით არსებული ხედვაც გააცნო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ხედვა ხუთ ძირითად პრინციპს და მიმართულებას ეყრდნობა, ესენია - ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტის განვითარება, ადგილობრივი რეგულაციები, ტექნოლოგიური მიმართულება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ცნობით, თბილისის მერიამ შესაძლოა "газ-ის" მარკის ავტობუსები შემოიყვანოს. მათი მტკიცებით, ყველა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა დედაქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტით რუსულმა კომპანიამ უზრუნველყოს. 

კომენტარები