გაზპრომთან მოლაპარაკებები

ვალიშვილი: მონეტიზაციას დავთანხმდებით, თუ 10%-ის ტოლფასი თანხა შემოგვთავაზეს

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ რუსული მხარე მომავალ წლებშიც შეეცდება საქართველოს ტრანზიტის მონეტიზაციით ანაზღაურებას, ქართულ მხარეს კი ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ Gazprom-ი ამ მოთხოვნას არ დააყენებს. ვალიშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსეთის მოთხოვნას დათანხმდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა მონეტიზაციით გატარებული გაზის 10%-ის ტოლფას ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2016 წლის ბოლომდე კი საქართველო სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს უსასყიდლოდ მიიღებს. 

"მონეტიზაციის საკითხი ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ არ დადგება, ეს ნამდვილად დადგება და ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს საკითხი მომავალში არ დადგება. მაგრამ როდესაც უკვე კონკრეტულ საკითხზეა საუბარი და იცი, სარგებელს რას უნდა ელოდე, ყოველთვის ვეცდებით, რომ ჩვენი პოზიციებით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. ამ შემთხვევაში მაქსიმალური სარგებელი არის 10%, რასაც ტრანზიტიდან ვიღებთ, თუკი შემოთავაზებული სარგებელი იქნება ამ 10%-ის ეკვივალენტი, მაშინ განხილვად ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მგონია, რომ რაიმე დათმობაზე ან ხელისუფლება ან სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე სხვა პოზიციებით დასხდნენ", - ბიზნესკონტაქტთან საუბარში ამბობს მარიამ ვალიშვილი.

Gazprom-თან მოლაპარაკებების გაჭიანურება სწორედ რუსეთის მხარის მონეტიზაციის მოთხოვნამ გამოიწვია. საქართველომ რუსეთში მონეტიზაციის საწინააღმდეგოდ ოფიციალური მიმართვა რამდენჯერმე გაგზავნა, თუმცა რუსული მხარე მის მოთხოვნას იქამდე არ დათანხმდა, სანამ საქართველომ ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსების შემოთავაზება აზერბაიჯანული მხარიდან არ მიიღო.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დეფიციტს სრულად შეივსებს, რუსულ მხარეს აღარ რჩება ბერკეტი, საქართველოს ულტიმატუმის ენით ტრანზიტის პირობების შეცვლა მოსთხოვოს. ბუნებრივი აირის გატარების ყველა ბერკეტი საქართველოს ეკუთვნის. 

კომენტარები