ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით ხვალ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის თქმით, მათ აინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას.

"მესამე დღეა უკვე მომხდარიდან და ჩვენ გვაინტერესებს, რას აკეთებენ სამართალდამცავები, ცხელ კვალზე თუ არის რამე ნაპოვნი. ამავე დროს, ხვალ ორშაბათია და გვინდა, ერთგვარი შეხვედრა მოვაწყოთ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც იქნებ მოვისმინოთ, რა სიახლეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ხვალ იმედია, ეს შეხვედრა მოეწყობა. მცდელობა იყო მკვლელობის. მეორე ოპერაცია გაუკეთდა და რა მდგომარეობაა, მე მგონი, ყველა კარგად ხედავთ. ამას სჭირდება სწორი სამართლებრივი შეფასება იმ ორგანოების მიერ, რომელთაც ეს უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამასაც მოვითხოვთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ხუთი ტყვია ესროლეს, თუმცა, სამი მოხვდა. მასთან ერთად მყოფი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იხსენებს, რომ პეტრიაშვილს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ. შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები