ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატები 15 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

"სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ, ატარებდა ძალადობრივ ხასიათს. კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თაობაზე, რაც გახდა საფუძველი ბრალდებულ ლევან მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების გამოყენების.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 26 აპრილს, 12:00 საათზე.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე 26 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის გუშინ შსს-მ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, "მექვაბიშვილი პეტრიაშვილს არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება".

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. თავისუფალი დემოკრატები კი ითხოვენ, საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები