ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები საქართველოს პრემიერმინისტრს ხვდებიან. ფრაქციის ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, დღეს პრემიერს წარუდგენენ საგანგებო მნიშვნელობის თემებს. გარდა ამისა, ვოლსკის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდებიან რამდენიმე კანდიდატურაზე.
"უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ ტყიბულში შექმნილ ვითარებაზეც.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სხდომაზე შესაძლო დასწრებას, ვოლსკი ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტსაბჭოსა და ფრაქციის სხდომას ორჯერ ქართული ოცნების თხოვნით დაესწრო. მისი თქმით, დღეს ყოფილი პრემიერისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ და ივანიშვილის სხდომაზე დასწრება არ იგეგმება.





