იუსტიციის სამინისტრო

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს გასაუბრებები უტარდებათ

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატურებს სპეციალურად ამისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია შეარჩევს.

კომისიის წევრები არიან: იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტერის თავმჯდომარე ეკა ბესელია; პარლამენტის იურიდიყლ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს. მათგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. ასამბლეაზე კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება.

გასაუბრებას გადიან ირაკლი ათეიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, კონსტანტინე კორკელია, ნიკოლოზ ლეგაშვილი, ნონა მჭედლიძე, გიორგი პაპუაშვილი, ნინო პეპანიშვილი, მაკა სტივენსონი და ლუიზა ხითარიშვილი.

მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. თავიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. კანდიდატებს ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 კანდიდატიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.

კომენტარები