ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ალექსი პეტრიაშვილს დღეს დილით სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა

დღეს გამთენიისას თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ავრცელებს.

მიშველაძის თქმით, ტყვიამ, რომლის ამოღებაც პირველი ოპერაციის დროს ვერ მოხერხდა, ნაწლავი დააზიანა. ამის გამო კი, სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო. პეტრიაშვილის მეუღლის განმარტებით, ექიმები ამბობენ, რომ თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი "იმედია, კარგად იქნება". 

მიშველაძე სამართალდამცველებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არ უნდა დაწყებულიყო.

"ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ახლა, ჯერ არ დამთავრებულა. ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო. ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანებაა თუ მკვლელობის მცდელობა? შსს ცოტა გამოცოცხლდით!" - წერს მიშველაძე Facebook-ში.

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე სამი ტყვია ესროლეს. მასთან ერთად მყოფი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იხსენებს, რომ პეტრიაშვილს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ.

კომენტარები