ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია "რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან" თანამშრომლობდა. ჩიორა თაქთაქიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანა დოლიძე ამ ორგანიზაციაში 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში მუშაობდა და იკვლევდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს და მის გავლენას ადამიანის უფლებებზე. დეპუტატის თქმით, ამავე ორგანიზაციამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მოამზადა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი სარჩელის თანახმად, კერძოდ, "სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ", საქართველოს ბრალად ედება ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობა. 

"ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ამავე დროს არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი, 2008 წლის ომის შემდეგ პერიოდში სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა იმ ორგანიზაციას, რომელმაც რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სახელით საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში.

საუბარია მოსკოვში არსებულ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციზე Russian Justice Initiative (South Ossetia/Moscow, Russia), სადაც ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში მუშაობდა და იკვლევდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს და მის გავლენას ადამიანის უფლებებზე.

ამავე ორგანიზაციამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მოამზადა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი სარჩელის თანახმად, კერძოდ, სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ბრალად ედება ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობა. 

Russian Justice Initiative-მა 2015 წლის 15 ნოემბერს დამატებით მიმართა ჰააგის სასამართლოს (ICC) და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების და ეთნიკური ოსების სახელით მოითხოვა 2008 წლის ომის დროს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მათ შორის - ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, გატაცების და სხვა დანაშაულების გამოძიება", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად გუშინ წარადგინა. 

კომენტარები