ბლოგი

ანტონინ სკალია ისტორიის პირისპირ

თანამედროვე ამერიკული კონსერვატიზმის ინტელექტუალურმა მამამთავარმა ბილ ბაკლიმ კონსერვატორი ისტორიის გზაჯვარედინზე მდგარ იმ ადამიანს შეადარა, რომელიც ყვირის: „შეჩერდით!“ ანტონინ სკალიას მოღვაწეობაც, როგორც ამერიკული კონსტიტუციური კონსერვატიზმის მედროშისა, სწორედ ისტორიასთან უშეღავათო ჭიდილი იყო. პროგრესისტი ლიბერალისგან განსხვავებით, რომელიც ისტორიის საჭეს მისჯდომია და გარშემო მხოლოდ დაფ-დაფებისა და აღტაცებული ყიჟინის ხმა ესმის, კონსერვატორი წინ გარბის, გზად ნანგრევებსა და ნაგავს ხედავს და მორიგი გზაჯვარედინიდან ცდილობს პროგრესისტ მესაჭეებს წინ გადაუდგეს.

ბაკლის მეტაფორაში თვითირონიაც და კონსერვატიული პროექტის თვითშეზღუდვის აღქმაც ჩანს - „შეჩერდი“ შეიძლება განწირულ ხმად დარჩეს და ისტორიის მარშის ზარ-ზეიმში ამაოდ ჩაიკარგოს. სკალიას სიდიდე სწორედ იმაშია, რომ მისი ხმა არასდროს იკარგებოდა. მაშინაც, როდესაც ახერხებდა კონსტიტუციის ტექსტის სახელით ისტორიის ლოკომოტივი შეეყოვნებინა და მაშინაც, როდესაც მომავალზე მწარე დანანებით, მარტოსულ განსხვავებულ აზრებს წერდა. სკალიას ბრწყინვალე სტილი, მკაფიო აზროვნება, პოლემიკური სულისკვეთების, მაგრამ ბასრი და თანმიმდევრული მსჯელობა, გულგრილს ვერავის ტოვებდა, მის ყველაზე დაუძინებელ პოლიტიკურ მტრებსაც კი.

როგორ შეიძინა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პოლიტიკური წონა, რომელიც მისი თანამდებობის ჩვეულ პოლიტიკურ მნიშვნელობას გადაწონის? უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია აქვთ - მათ ეკუთნით საბოლოო სიტყვა განსაზღვრონ „რა არის კანონი“, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადონ და ძალა დაუკარგონ ნებისმიერი დემოკრატიული საკანონმდებლო ორგანოს აქტს, შტატის თუ ფედერალურ დონეზე. საქართველოში მსგავსი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია, რომლის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ქართული საზოგადოება მხოლოდ ახლა იგებს, როდესაც ძველი დემოკრატიული უმრავლესობის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა მოქმედი უმრავლესობისთვის პოლიტიკურად მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღეს და მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვიეს. შეერთებული შტატების კონსტიტუციურ-პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობაზე პრეზიდენტის წარდგენით სენატი უვადოდ ამტკიცებს. სწორედ მოსამართლეთა შერჩევისას სრულდება ხელისუფლების პოლიტიკური შტოების გავლენა უზენაეს სასამართლოზე. შესაბამისად, როგორც პრეზიდენტი, ისე სენატის უმრავლესობა, ცდილობს, არ შეცდეს და თანამდებობაზე მათთვის მისაღები პოლიტიკური იდეოლოგიის მოსამართლე დანიშნოს, რომლის გადაწყვეტილებებიც ამერიკული ორპარტიული პოლიტიკური სისტემის იდეოლოგიური წყალგამყოფების მიხედვით მეტ-ნაკლებად განჭვრეტადი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეთა ვაკანსიები იშვიათად ჩნდება და პრეზიდენტს შესაძლოა სენატში ოპოზიციური უმრავლესობა უშლიდეს ხელს მისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატის მოსამართლედ დამტკიცებაში, სასამართლოს შემადგენლობაში იდეოლოგიური ბალანსის ცვლილება ათწლეულებს მოითხოვს.

ანტონინ სკალია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1986 წელს წარადგინა. პრეზიდენტი რეიგანი და მისი იუსტიციის მინისტრი ედვინ მესე, რომელიც სკალიას რეკომენდატორი გახლდათ, მასში არ შემცდარან. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მოსამართლე სკალიამ ყველაზე თანმიმდევრულ და გავლენიან კონსტიტუციურ კონსერვატორად დაიმკვიდრა თავი. კონსტიტუციური კონსერვატიზმის პროგრამა, რომლითაც სკალია სასამართლოში მივიდა, რა თქმა უნდა, სრულად და ზედმიწევნით ვერ განხორციელდა, თუმცა როგორც სასამართლოს, ისე საკონსტიტუციო იურისპრუდენციის ფუნდამენტური გარდაქმნა შეძლო.

"შეუძლია ფედერალურ მთავრობას მაიძულოს ვჭამო ბროკოლი, თუ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა?!"

ეს რიტორიკული კითხვა სკალიამ ფედერალური მთავრობის ადვოკატს სებელიუსის ცნობილი საქმის ზეპირი მოსმენისას დაუსვა. ამ საქმეში, პრეზიდენტ ობამას საფირმო, სამედიცინო დაზღვევის რეფორმის - „ობამაქეარის“ ღერძი, ე.წ. ინდივიდუალური მანდატი იყო გასაჩივრებული. „ინდივიდუალური მანდატი“ ფედერალურ მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, დააწესოს სამედიცინო დაზღვევის შეძენის ვალდებულება, რომლის არშესრულებასაც სანქციად ჯარიმა მოჰყვება.

სკალიას წინააღმდეგობა ფედერალური კონგრესის ამგვარ უფლებამოსილებასთან მხოლოდ შეზღუდული ხელისუფლებისა და ინდივიდუალური თავისუფლების კონსერვატიული პრინციპებიდან არ მომდინარეობს. ეს პრინციპები სკალიას კონსტიტუციური ფილოსოფიის შუქზე უნდა განვიხილოთ, რომელიც ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ა) კონსტიტუცია, როგორც ცხადი და განჭვრეტადი სამართლებრივი წესების ერთობლიობა, რომელიც ხელისუფლებას ეფექტურად ზღუდავს - ანუ სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპი; და ბ) კონსტიტუციური ორიგინალიზმი - თეორია, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ტექსტის შინაარსი უნდა განვმარტოთ მისი ორიგინალური საჯარო მნიშვნელობით, ანუ სიტყვებსა და წინადადებებს მივანიჭოთ ის მნიშვნელობა, რომლითაც მათ კონსტიტუციის მიიღების დროს გაიგებდნენ.

ამ ორი პრინციპის გამოყენებით, სკალია ვერ გაიზიარებდა ფედერალური ხელისუფლების არგუმენტს, რომ მისი უფლებამოსილება დაადგინოს. სამედიცინო დაზღვევის ყიდვის საყოველთაო ვალდებულება გამომდინარეობს ფედერალური კონგრესის უფლებამოსილებიდან „მოაწესრგოს შტატთაშორისი და საერთაშორისო ვაჭრობა“. საყოველთაო და ზოგადი წესებით ვაჭრობის მოწესრიგება, სკალიასთვის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე წესების საფუძველზე ვაჭრობის იძულებისგან - პირველის ამოკითხვა კონსტიტუციის ტექსტიდან შესაძლებელია ყველასთვის, ხოლო მეორე მნიშვნელობას კონსტიტუციის შესაბამის წინადადებას ვერც ახლა, ვერც, მით უფრო, კონსტიტუციის მიღების დროს ვერ მიანიჭებდნენ.

სკალიას გადმოსახედიდან, კონსტიტუციის მიღების დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ვაჭრობის შესახებ ნორმას“ ვინმე ფედერალური კონგრესის ყოვლისმომცველ მანდატად გადათარგმნიდა, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას ეროვნული ეკონომიკის სრული რეგულირებისკენ გზას გაუხსნიდა. ეს კონსტიტუციური რევოლუცია სკალიას სასამართლოში მოსვლამდე რამდენიმე დეკადით ადრე უკვე მომხდარი იყო. უზენაეს სასამართლოში სკალიას 1930-იანი წლების წინამორბედები შეეცადნენ, წინ აღდგომოდნენ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და მის New Deal-ის პოლიტიკას, თუმცა იძულებულნი იყვნენ მარცხი ეღიარებინათ და ფედერალური კონგრესისა და პრეზიდენტისთვის კონსტიტუციური უფლებამოსილებების გაფართოებას შეგუებოდნენ, მათ შორის - ვაჭრობის რეგულირების ფედერალური უფლებამოსილების ფართო განმარტების გზითაც.

სკალიას ხშირად წარმოაჩენდნენ როგორც რეაქციონერს, თუმცა მისი მიზანი ამერიკის კონსტიტუციური მმართველობის სისტემის უკან, მე-18 საუკუნეში დაბრუნება არ ყოფილა. გულუბრყვილო რომანტიკოსის გარდა, სკალიასთვის ყველაფერი შეგეძლო გეწოდებინა. მისი მთავარი საზრუნავი ფედერალური ხელისუფლების გაზრდილი უფლებამოსილების ცხად კონსტიტუციურ წესებში მოთვინიერება იყო. სკალია დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური შტოების მტერი არ ყოფილა. პირიქით, მიაჩნდა, რომ კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებში, მათთვის დემოკრატიული მანდატის განხორციელებაში ხალხის მანდატის არმქონე მოსამართლეებს ხელი არ უნდა შეეშალათ.

"გეი და ლესბოსელი ადამიანების საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს".

თავდაცვითი პოზიციიდან ასეთი განმარტების გაკეთება უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის უჩვეულოა. განსაკუთრებით იმ მოსამართლისთვის, რომელიც ხმალამოღებული იცავდა ორიგინალიზმს - თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის ტექსტს ცხადი მნიშვნელობა აქვს მისი ორიგინალური საჯარო მნიშვნელობის სახით და მოსამართლემ ეს მნიშვნელობა საკუთარი პოლიტიკური თუ მორალური შეხედულებებით არ უნდა ჩაანაცვლოს.

აბორტის, ლგბტქი პირთა უფლებებისა და თავისუფლების სხვა მგრძნობიარე სოციალური განზომილების მქონე საკითხებზე მკვეთრად საპირისპირო აზრების გამო, სკალია პროგრესისტული სოციალური მოძრაობების სამიზნე და დემონიზაციის ობიექტი იყო. სწორედ კონსტიტუციური უფლებების განმარტების ნაწილში იყო სკალიას პოზიციები ყველაზე წინააღმდეგობრივი.

თავის განსხვავებულ აზრებში, სკალიას მორალური არგუმენტები არ მოჰყავდა. ამის მიუხედავად, მისი მსჯელობის შედეგები უმეტესად მორალური სტატუსკვოს შენარჩუნებისკენ იყო მიმართული. ამ მიზეზით, სკალიას ხშირად ბრალს იმაში სდებდნენ, რასაც ასე თავგამოდებით ებრძოდა - კრიტიკოსებისთვის სკალიას არგუმენტები დემოკრატიულ მმართველობაზე და მოსამართლის როლზე, მხოლოდ მის კათოლიკურ ეთიკასა და სოციალურ კონსერვატიზმს უწევდა ლეღვის ფოთლობას.

სკალია ამტკიცებდა, რომ უმრავლესობებს დემოკრატიული გზებით შეეძლოთ საზოგადოებრივი მორალის შეზღუდვების (მაგალითად, კონსენსუალური ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციის, აბორტის აკრძალვის, გეიქორწინების შეზღუდვის) საკანონმდებლო წესით დაწესება. სკალიას ასევე მიაჩნდა, რომ ამ შეზღუდვების მოხსნაც დემოკრატიული უმრავლესობების პრეროგატივა იყო. მის ცნობილ რეცეპტს გეიქორწინების მომხრეთათვის - „მიაღწიეთ გეიქორწინების საკანონმდებლო აღიარებას დემოკრატიული გზებით, სასამართლო ვერაფერში დაგეხმარებათ“, სკალიას მახვილ ცინიზმს მიაწერდნენ და ფარისევლობად უთვლიდნენ.

განსაკუთრებით საეჭვოდ მოჩანდა ეს მტკიცება ლიბერალური დემოკრატიის ორთოდოქსული პრინციპის ფონზე, რომლის მიხედვითაც უფლებების კონსტიტუციური დაცვის მიზანი მათი დემოკრატიული პოლიტიკის დღის წესრიგიდან გატანა და მათი სასამართლოს მეშვეობით დაცვაა. ამ ფუნქციას სკალია სანიმუშოდ ასრულებდა, როდესაც საქმე სიტყვის თავისუფლებაზე ან ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხებოდა. შესაბამისად, ბევრ მოწინააღმდეგეს უჭირდა აეხსნა პრინციპული განსხვავება, რომელსაც სკალია სიტყვის თავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვასა და ქალის მიერ აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეზღუდვას შორის ხედავდა. სკალიას ამაზე ორიგინალისტური პასუხი ჰქონდა - პირველი შეზღუდვის დაუშვებლობის ამოკითხვა კონსტიტუციის ტექსტიდან იყო შესაძლებელი მისი მიღების დროინდელი გაგებით, მეორისა კი - არა.

სკალიას მიაჩნდა, რომ მოსამართლე მორალურ-პოლიტიკური ფილოსოფოსი არ იყო და არც მისი კონსტიტუციური ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული თავისუფლების ცნების მორალურ-პოლიტიკური გამართლების ვალდებულება ჰქონდა. როგორც ამას დაუღალავად წარმოაჩენენ მისი კრიტიკოსები, კონსტიტუციის სკალიასეული ორიგინალისტური განმარტების უკან თავისუფლების კლასიკური ლიბერალური განსაზღვრება დგას, რომელიც ადამიანის თავისუფლებას სოციალური წესრიგის ფარგლებში ხედავს. თავისუფლების ეს განსაზღვრება განსხვავდება უფრო თანამედროვე ცნებისგან, რომლის ცენტრიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლებისგან დისტანცირებული, საკუთარი თავის სუვერენი ინდივიდია. სუვერენი ინდივიდის თავისუფლების საფრთხე კი პოლიტიკურ ხელისუფლებაზე მეტად საზოგადოება და მისი მთავარი იარაღი-საზოგადოებრივი აზრის ტირანიაა, როგორც ეს ჯონ სტიუარტ მილმა ასე ნათლად ჩამოაყალიბა.

სკალია - მორწმუნე კათოლიკე ქრისტიანი და 9 შვილის მამა - მილიანურ არგუმენტს, რომ კათოლიკური ეკლესია ან მისი დიდი ოჯახი მის თავისუფლებას შეიძლება დამუქრებოდა, ალბათ ირონიულად მიიღებდა. თუმცა, მას არც იმის აღიარება უჭირდა, რომ ბევრი თანამოქალაქე საპირისპიროდ ფიქრობდა.

მიუხედავად მილის ფილოსოფიასთან ფუნდამენტური უთანხმოებისა, სკალია მილს ერთ რამეში მაინც ეთანხმებოდა და შეგვიძლია ის მილის კარგ მკითხველადაც ჩავთვალოთ: სკალიას მოწოდება უფლებების დემოკრატიული გზებით მოპოვებაზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების გზით (რომლის მიღწევაც ცვლილების პროცედურის სირთულისა და ცვლილების მისაღწევად მოთხოვნილი კონსენსუსის მასშტაბების გამო, წინააღმდეგობრივ სოციალურ საკითხებზე თითქმის შეუძლებელია), მილის თეორიაში დემოკრატიის მთავარ სისუსტეს ააშკარავებს: უნდობლობას, რომ საზოგადოების უმრავლესობა ადამიანებს საკუთარი აზრის მარწუხებიდან ადვილად გაუშვებს.

ეწინააღმდეგებოდა რა თავისუფლების მილიანური ცნების მიხედვით სასამართლოს მიერ კონსტიტუციური თავისუფლების განმარტებას, ის თავის იდეურ მოწინააღმდეგეებს დემოკრატიული პროცესის გვერდის ავლით, გამარჯვებისკენ მიმავალ შედარებით მარტივ გზას უკეტავდა. კას სანშტაინი, სკალიას ყოფილი უმცროსი კოლეგა ჩიკაგოს სამართლის სკოლაში და ცნობილი ამერიკელი ლიბერალი კონსტიტუციური თეორეტიკოსი სკალიას შესახებ წერს, რომ იგი საკუთარი გამჭრიახი ინტელექტის წყალობით, მოწინააღმდეგეებს აიძულებდა უკეთესები გამხდარიყვნენ. ამის შესაძლებლობას, როგორც ვნახეთ, სკალიას იმ იდეების ღრმა ცოდნა აძლევდა, რომლებსაც არ იზიარებდა. როდესაც მას იდეურად სრულიად საპირისპირო კოლეგასთან, სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერ რუთ გინსბურგთან ახლო მეგობრობაზე ჰკითხეს, სკალიამ უპასუხა: „მე თავს ვესხმი იდეებს და არა ადამიანებს“. სკალიას შეეძლო პატივისცემით მოკიდებოდა არა მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს, არამედ იდეებსაც, რომლებსაც გულმხურვალედ არ ეთანხმებოდა. იდეოლოგიური წყალგამყოფის ორივე მხარეს მდგომი მოაზროვნე ადამიანებისთვის, სწორედ ეს განსაზღვრავს სკალიას, როგორც კონსტიტუციური ტიტანის მნიშვნელობას.

კომენტარები