თეთნულდი

კურორტი თეთნულდი ოფიციალურად გაიხსნა

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი ოფიაციალურად გაიხსნა. ცერემოანიას პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო დაათვალიერა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგული კომპანიის მიერ აშენებული ახალი საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი აქვს.

„ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ გაკეთდეს დამატებითი საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე დააკავშირებს თეთნულდის კურორტს. ასევე, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

გარდა ამისა, პრემიერის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. მათივე ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. ოფიციალური ინფორმაციით, კურორტ თეთნულდზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.

კომენტარები