სასამართლო რეფორმა

მოსამართლე გვენეტაძეს: დაინტერესდით ახვლედიანის ჯანმრთელობით ან მივლინებებით

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი გოგინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს დაინტერესდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობით ან მისი მივლინებებით. გოგინაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ახსნა-განმარტებაში მამუკა ახვლედიანი საუბრობს მოსამართლეების დატვირთულობაზე, თუმცა მას „სამი საქმეც არ განუხილავს“.

„გარდა ახვლედიანისა, ყველა დატვირთულია. გარდა ახვლედიანისა, ყველას აქვს უფლება თქვას, რომ მას ბევრი საქმე აქვს. ახვლედიანი სამი წელია არის თავმჯდომარე სასამართლოსი, მაგრამ სამი საქმეც არ განუხილავს. წელიწადში არის 12 თვე, ეს ადამიანი 12 დღე გადაბმული არ არის სასამართლოში. როცა რაიმე პრობლემა იყო, ეს ადამიანი იყო ან მივლინებაში, ან ბიულეტენზე. მე მინდა ქალბატონ თავმჯდომარეს მოვუწოდო - დაინტერესდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ან მივლინებებით“ - განაცხადა გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე. მის განცხადებას დამსწრეთა სიცილი და ტაში მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო რამდენჯერმე გააკრიტიკა. გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები. მისივე ინფორმაციით, ტესტის საკითხებისა და პასუხების შესახებ ზოგიერთ კანდიდატს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ამ განცხადებების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები