თბილისის მერის განცხადებით, პროკურორ ლეონიდ გერგედავას შვილის პარიზში ცხოვრების დაფინანსება იყო შეცდომა, თუმცა „ამით ქვეყანა არ დაქცეულა“. როგორც დავით ნარმანია განმარტავს, დაფინანსება არ მომხდარა სოციალურად დაუცველთა მუხლიდან და გამოყენებული იყო მუხლი სახელწოდებით „სხვა სოციალური დახმარებები“. დედაქალაქის მერის თქმით, გერგედავამ თანხა უკვე დააბრუნა.
„ეს არის შეცდომა, რომელიც მოუვიდა შესაბამის სამსახურს, თუმცა ამით ქვეყანა არ დაქცეულა ნამდვილად. განცხადების შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ მოქალაქემ ითხოვა სწავლის თანადაფინანსება საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა ასეთი რამ ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მოქალაქეებს. გუშინ ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ. ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა. მუხლის დასახელება არის სხვა სოციალური ღონისძიებები, საიდანაც ფინანსდება, როგორც წესი, სწავლის გადასახადი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც არიან შეჭირვებულები. აქ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს ოჯახი შეჭირვებული არ ყოფილა და შესაბამისად, ამის გადამოწმება იყო აუცილებელი, რაც არ მოხდა. ეს არის ჩემი აზრით გადაცდომა, სწორედ ამიტომაც გატარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა შესაბამისი სამსახურის საშუალო რანგის თანამშრომლის მიმართ“ - აცხადებს დავით ნარმანია.
თბილისის მერი არ ასახელებს აღნიშნული შეცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მერიის თანამშრომლის ვინაობას და თანამდებობას. მისი თქმით, ის იყო „ახალგაზრდული სამსახურის შესაბამისი საშუალო რანგის თანამშრომელი“.
ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გაუჩნდა მერს კითხვა, როდესაც დოკუმენტს აწერდა ხელს, სადაც სოციალურად დაუცველი პარიზში ცხოვრებას ითხოვდა, ნარმანია პასუხობს, დღეში 100-ზე მეტ დოკუმენტს აწერს ხელს და შეუძლებელია ყველა მათგანი დეტალურად გადაამოწმოს.
„შეუძლებელია ქალაქის მერმა გადაამოწმოს ყველა დოკუმენტი დეტალურად, რასაც ხელს აწერს. მე დღის განმავლობაში 100-ზე მეტ სხვადასხვა დოკუმენტს ვაწერ ხელს, სწორედ ამიტომაც პასუხისმგებლობები განაწილებულია შესაბამისი რანგების მიხედვით, რომ ყველამ, ვისაც დოკუმენტაციასთან აქვს შეხება, მოამზადოს დოკუმენტაცია მაქსიმალური სიზუსტით. თუმცა შეცდომები მოსდის იმას, ვინც მუშაობს და ბევრს აკეთებს, მთავარია რომ ამით ქვეყანა არ დაქცეულა, რაღაცა სასწაული არ მომხდარა, თუმცა კარგი მაგალითია იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ“ - აღნიშნავს დედაქალაქის მერი.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ გამოაქვეყნა თბილისის მერიის გაცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 5 400 ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით უწყებამ შიდა კვლევა დაიწყო. 19 თებერვალს კი პროკურორმა გერგედავამ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ თანხა უკან დააბრუნა. გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ დავით ნარმანია შეცდომაში შეიყვანეს და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.





