ისან-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ლეონიდ გერგედავამ თბილისის მერიას მისი შვილის პარიზში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა უკან დაუბრუნა. გერგედავამ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ თანხის დასაბრუნებლად ბანკიდან სესხი აიღო.
"ჩემმა შვილმა თამარ გერგედავამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები "სორბონას უნივერსიტეტში" ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. რადგან აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლა არ ფინანსდებოდა უნივერსიტეტის მიერ და დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ჩემი ოჯახი კი ვერ შეწვდებოდა საფასურის გადახდას და სასწავლებლად ვერ წავიდა. 2015 წლის ივლისში თამარმა იმავე უნივერსიტეტში ფრანგულენოვან ფაკულტეტზე ჩააბარა, რაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული ფრანგულენოვანი პროგრამის გამო. ჩემი შვილი პროფესიით იურისტია და ვიდრე "სორბონას უნივერსიტეტიდან "პასუხი მოვიდოდა, მან საკუთარი სურვილით, ისე რომ ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს, ტესტირება გაიარა თბილისის მერიაში - 60 ქულიდან 58 ქულა მიიღო და იურიდიულ სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, დადებითი პასუხი მოვიდა უნივერსიტეტიდან და დღის წესრიგში მისი საფრანგეთში გამგზავრება დადგა. ჩემმა ოჯახმა გარკვეული თანხის მობილიზება მოახდინა, ხოლო ნაწილის მოძიებაში კი, მისმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. თამარმა მე და დედამისს გვითხრა, რომ სამსახური უფინანსებდა საფრანგეთში გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილს. მე ჩავთვალე, რომ თბილისის მერიას ჰქონდა გარკვეული სახის პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. ამის გამო არ დავინტერესებულვარ თბილისის მერია რა ფორმით და რა დოკუმენტაციით დააფინანსებდა საკუთარ თანამშრომელს. რა თქმა უნდა, რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, რადგან მეც და ყველა ვინც მე მიცნობს, ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი ტკივილი. არაერთხელ მქონია მათთან შეხება და პირადად საკუთარ თავზეც გამომიცდია, თუ რას ნიშნავს გაჭირვებისა და პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანი. დამიჯერეთ, არასდროს დავუშვებდი ასეთ რამეს... მას შემდეგ, რაც ჩემთვის ტელევიზიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი დაფინანსდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და ვინაიდან აღნიშნული სტატუსი არ შეესაბამება სიმართლეს, მივიღე გადაწყვეტილება, ბანკიდან გამოვიტანე სესხი და აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე დავაბრუნე", - უთხრა პროკურორმა ინტერპრესნიუსს.
ამასთან, გუშინ თბილისის მერიამ, ენმ-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, სადაც ჩანს, რომ დავით ნარმანიამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 5 400 ლარი გადაურიცხა, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაიწყო. მერიის განცხადებით, "დასაბუთების არარსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია".





