გოგი თოფაძის განცხადებები

პრემიერი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს მთელს მთავრობას სცხებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ დეპუტატ გოგი თოფაძის ბრალდებას, რომ მინისტრმა საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბა, მიუღებელს უწოდებს. პრემიერის მოსაზრებით, ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთელ მთავრობას.

"მინდა, გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩირქს ცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე და მინდა, მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, რომ ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ ჩვენი კოალიციის. ყველა ადამიანს, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და ხედვით, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზად ვართ კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ ან მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უხარიათ ეს", - თქვა პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები