თბილისის მერია

მელია: მერიამ პროკურორის შვილს პარიზში გასამგზავრებლად 5400 ლარი გადაურიცხა

თბილისის მერიის ბრძანება
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ გამოაქვეყნა თბილისის მერიის გაცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 5 400 ლარი გადაურიცხა. მელიას თქმით, ეს არის ნარმანიას გამოცემული დამცინავი და საზოგადოების აბუჩად ამგდები ბრძანება.

„თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლით გამოუყო და იქვე აღნიშნა - პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო. ნორმალური ხელისუფლების პირობებში ნარმანია მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა, ხოლო ბატონ გერგედავას აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება“, - აცხადებს მელია და აღნიშნავს, რომ „2015 წელს თბილისის მერიამ/გამგეობებმა უამრავ სტუდენტს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე (მათ შორის სოც. დაუცველ სტუდენტებს) და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, შესაბამისად, ისინი საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ვეღარ იღებენ“.

ლეონიდ გერგედავას ფინანსური მდგომარეობა, რომელიც მერიას მძიმე სოციალურ პირობად მიაჩნია, ასე გამოიყურება - 168 კვადრატული მეტრი ბინა საბურთალოზე და 1260 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ლიკანში. რაც შეეხება მის შემოსავალს, გერგედავას ფინანსური დეკლარაციის მიხედვით 2014 წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 38 560 ლარი შეადგინა. მერიაში ჯერჯერობით მომხდარი არ განუმარტავთ. 

კომენტარები