ე.წ კაბელების საქმე

ალასანია კაბელების საქმეზე: ეს არის პროკურატურის დასამარება

ტაბულა

სასამართლოში ე.წ კაბელების საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაკითხეს. ბატიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ კომპანია სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ფინანსები დაზოგა და სამინისტროსთვის ეს ხელშეკრულება მომგებიანი იყო. მან პროცესზე კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა და განმარტა, თუ რატომ შეაჩერდა არჩევანი ამ კომპანიაზე.

„დელტაკომთან მოლაპარაკების საგანი თვეში 350 ათასი იყო, სილქნეთის შემთხვევაში იყო თვეში 1000 ლარი. სამინისტროს, შეიარაღებულ ძალებს სჭირდებოდა ქსელის შექმნა და კავშირის დამყარება ყველა ქვედანაყოფთან. ეს როგორი ფორმით განხორციელდებოდა, იყო უკვე იმ კომპანიების შესათავაზებელი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ. შეთავაზებები განიხილეს თავდაცვის სამინისტროში და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება"- აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„პროკურატურა იქცეოდა დელტაკომის ადვოკატებივით - საშინლად არ უნდოდა სხდომის დახურვა და არ უნდოდა დეტალებში, სიღრმეში შესვლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის დასამარება პროკურატურის და დარწმუნებული ვარ, სასამართლო საბოლოოდ რომ დასრულდება, სწორად შეაფასებს იმ არგუმენტს, რაც იყო მტკიცებულებებისა და ჩვენებების სახით წარდგენილი და დადასტურდება ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს 5 ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ალექსი ბატიაშვილის მიცემული ჩვენების შემდეგ, პროკურატურის წამომადგენელმა თქვა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მოხდა დანაშაული. თუმცა ბატიაშვილის ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს.

სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული და იგეგმება დელტაკომის წარმომადგენლის დაკითხვაც. ეს კომპანია სილქნეტთან ერთად მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში.

კომენტარები