ე.წ კაბელების საქმე

"იყო მუქარა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი" – ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე

ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლის, დავით ჯუღელის თქმით, იყო მუქარა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი, თუ პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებდა. ჯუღელი TV პირველთან ყვება, რომ ემუქრებოდა აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცალაძეც. 

"სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დადასტურებული იყო პირველივე ინსტანციის განხილვის დროს სასამართლოში. მსჯელობა არის როგორც მივხვდი, აპელაციაში და კასაციაში დაშვებულ გადაცდომებზე სასამართლოს მხრიდან და საუბარია, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაზეც ჩემს გადაწყვეტილებაშიც იყო ვრცლად საუბარი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ყველა ის მტკიცებულება დაუშვა საქმეზე, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა. პოლიტიკური დაკვეთა იყო, მეტი არაფერი ამ საქმეში. 

[...] არამხოლოდ მუქარა, თხოვნა, მოსყიდვა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. იყო მუქარის წერილები მეუღლის მიმართ. ყველას მხრიდან, პროკურატურის მხრიდანაც და ცნობილი ოდიოზური ფიგურის, ფარცხალაძის მხრიდანაც. ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას" - ამბობს მოსამართლე TV პირველთან. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.


 

ცნობისთვის, 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

თავდაპირველად საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. მოგვიანებით, საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ის მასალების 7%-ზე დარჩა. 

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ხუთივე მსჯავრდებული საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე შეიწყალა.

კომენტარები