საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო თვეებში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდაცვალების ფაქტების გამო. ომბუდსმენის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "გასული სამი თვის განმავლობაში 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი პერსონალის მხრიდან დაუდევრობის ნიშნები იკვეთება". კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში სრულწლოვანი ბენეფიციარების გ.მ.-ს და ი.გ.-ს გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება, ხოლო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი მ.ქ. იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მორიგე პერსონალი მასთან არ იმყოფებოდა.
„აღნიშნული უაღრესად საშიში ტენდენციის სახეს იღებს, მით უფრო, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. სათანადო ყურადღება მიექცეს ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოხდეს მათი უზრუნველყოფა, მოთხოვნილებების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო საკვებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს კი ადმინისტრაცია დახმარებას უნდა უწევდეს კვების პროცესში", - ამბობს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დაწესებულებები წარმოადგენენ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებს (ფილიალებს) და მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. მისი თქმით, აუცილებელია, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ასეთ შემთხვევებზე, გამოიკვეთოს არსებული ცალკეული თუ სისტემური ხარვეზები და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება მათი აღმოფხვრისა და მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისთვის.
„ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია მსგავსი ტიპის დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება და აღნიშნულ პროცესში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა", - აცხადებს სახალხო დამცველი და საგამოძიებო უწყებებს გარდაცვალების ფაქტების დროულად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენის განცხადებით, მისი აპარატი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს საქმეებს, ყურადღებით ადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და შედეგების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.





