თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ენმ: თბილისის აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თბილისის აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებლები ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი არიან. კანდელაკი აღნიშნავს, რომ აეროპორტში დღის რეისების 4 თვით გაუქმება ვიზიტორების რაოდენობას შეამცირებს, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკასა და ლარს დააზიანებს.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში დღის რეისები ოთხი თვის განმავლობაში არ შესრულდება. აეროპორტის ცნობით, ღამის რეისების გაურკვეველი რაოდენობაც გაუქმდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების გამო. თბილისის აეროპორტი არა მარტო გარესამყაროსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვანი კარიბჭეცაა. ბუნებრივია, რეისების შემცირება ვიზიტორების რაოდენობას - განსაკუთრებით სათხილამურო სეზონის პიკზე, შეამცირებს. ეს კი პირდაპირ დააზიანებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკასა და ლარს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ კრიზისულ მდგომარეობაზე, ქართული ოცნება, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერმინისტრი კვირიკაშვილია პასუხისმგებელი", - ამბობს დეპუტატი.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ 2012 წლის 4 სექტემბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო არსებული ზოლის ექსპლუატაციის შეუფერხებლად. ენმ-ის ინფორმაციით, ახალმა მთავრობამ, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმეს და განაცხადეს, რომ ზოლს თავად სახელმწიფო ააშენებდა.

„ოცნების სხვა დაპირებების მსგავსად, ცხადია, არც ეს დაპირება შესრულდა. ამასობაში, ბოლომდე ამორტიზდა ძველი ასაფრენი ზოლი და დადგა მისი შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობა. აეროპორტის სანახევროდ გაჩერება წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული მავნებლური გადაწყვეტილების ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ მაგალითს. გასულ წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადს უნდა მიეღწია მილიონი მგზავრისთვის - ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა შემოსულიყო დაბალბიუჯეტიანი ფლაგმანი „რაინეარი". ამის ნაცვლად ქუთაისში ისედაც მცირე მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო შემცირდა. შეჩერებულია ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მრავალი სხვა პროექტი (მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზა). მოცემული კრიზისი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური უკუსვლის შეჩერების არც უნარი და არც გეგმა და სწორედ ამიტომ იგი უნდა წავიდეს", - თქვა უმცირესობის წევრმა ბრიფინგზე.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 მარტიდან, ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ შესრულდება. როგორც ბიზნესპრესნიუსს TAV Georgia-ში განუცხადეს, დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია. თუმცა, მოგვიანებით, ინტერნეტგამოცემა კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ რეისების შეჩერებასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას დღეს გაავრცელებენ. მათი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ აეროპორტში დღის რეისები 4 თვით შეჩერდება. მათი მტკიცებით, „არსებობს ზუსტი საათები და დღეები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აეროპორტი 4 თვით რეისების განხორციელებას აჩერებს".

კომენტარები