ბუნებრივი აირი

დანომრილი ბოძებიდან ფრონტერას მაღალ აფიორამდე

ჩემს სტუდენტობაში ერთი მეტად გახმაურებული და სასაცილო კრიმინალური მოვლენის მომსწრენი გავხდით, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა პრესა ჩვეული პათოსით გვამცნობდა. თუმცა სანამ გაზეთის ფურცლებზე მოხვდებოდა ეს ამბები, ამ ისტორიის დასაწყისის მომსწრე მეც ვიყავი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვეულებისამებრ რაჭაში გავემგზავრე. სასიხარულო ინფორმაცია დამხვდა: ჩემი ბებია-ბაბუის საახლობლოში გიგანტური ნავთობის მარაგი აღმოუჩენიათ და მალე მოპოვებაც უნდა დაეწყოთ. სად მქონდა მაშინდელ სტუდენტს იმდენი მიხვედრილობა, რომ ამ ლამაზი ზღაპრისთვის არ დამეჯერა, ამიტომ სხვებივით მეც გადავვარდი ქართულ ოცნებაში.

გავიდა დრო. ყველაფერს ფარდა აეხადა. ჯერ გაზეთში წავიკითხე, მერე მეორე ზაფხულს უფრო დაწვრილებით გავარკვიე სანათესაოში.

ეს ამბავი ასე დაიწყო: ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ერთი სანდომიანი გარეგნობის „ინჟინერი“ დადიოდა სოფელ-სოფელ და ელექტრონის ბოძებს ცარცით ნომრავდა. სოფლის მაცხოვრებლების კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს, პასუხობდა, რომ ხის ბოძები რკინის ბოძებით უნდა შეეცვალათ და ამიტომ აზუსტებდა რაოდენობას. ხომ არ მოგვყიდითო ამ ნახმარ ბოძებსო, მორიდებით უკითხავთ თურმე. როგორ არა, მაინც არავერში გვჭირდებაო და ძალზე მისაღებ ფასად გაუყიდია ყველა რამდენიმე დღეში. თანაც წინასწარ აუღია თურმე ფული იმათგან, ვისაც ამ მშენებლობაში დასაქმების სურვილი ჰქონდა.

გასულა შემოდგომაც, ზამთარიც, მოსულა ზაფხული, მაგრამ გამქრალა ჩვენი ინჟინერი.

მერე ახალი სასიხარულო ამბავი შეუტყვია რაჭველებს. თურმე ვიღაცის ყანაში ინჟინერს ნავთობი აღმოუჩენია. თანაც მთლად ზედაპირზე, ხელის განძრევაც რომ არ იყო საჭირო. ალბათ მიმიხვდით, თუ ვინ იქნებოდა ეს ინჟინერი. შეპარული ყანაში, ამოუთხრია რამდენსაც მოასწრებდა ერთ ღამეში ორმო. ჩაუსხამს ერთი ვედრო ნავთობი, მოაყარა მიწა და დაუტოვა საქმე ხალხს საჭორაოდ. პატარა პაუზა გაუკეთებია და გამოცხადებულა ხელახლა. აუყვანია წინასწარ უამრავი ხალხი საძიებო სამუშაობზე, რა თქმა უნდა მცირეოდენი ფინანსური პატივისცემის სანაცვლოდ და მიწების მესაკუთრეებისაგანაც საკმაო ფული აუღია სწორედ მისი ტერიტორიიდან სამუშაოების პირველად დაწყების გარანტიით.
კიდევ ბევრი მსგავსი ამბები დაუტრიალებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

მოკლედ, დააპატიმრეს!

ფრონტერას ისტორიაც ასეთია. წელიწადში ორჯერ ავრცელებდნენ გაზის გიგანტური მარაგების აღმოჩენის შესახებ განცხადებას, რასაც მოჰყვება საყოველთაო აღფრთოვანება და ხელისუფლების მხრიდან მორცხვი დუმილი. ალბათ იმიტომ, რომ მეგობარი ქვეყნის კომპანიაზე აუგი რომ არ ეთქვათ.

მაგრამ ახლა სხვა დროა, ფეისბუკის დრო. აგორდა კრიტიკული ტალღა, აიტაცა მედიამ  და მთავრობაც იძულებული გახდა ხმა ამოეღო. მალე ფრონტერასაც მოუწევს არგუმენტირებული პასუხის გაცემა.
დიდი თავმდაბლობა რომ არ გამოვიჩინო, აქვე გეტყვით, რომ ყველაფერი ამ ფეისბუკპოსტებიდან დაიწყო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

„საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი "აღმოაჩინა", ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, დაადასტურებინოს ან დამაიმედებელი მესიჯები ათქმევინოს და შემდეგ მორიგი რაუნდი დაიწყოს ფულის შეგროვების. ერთხელ უკვე გაამართლა მსგავსმა ხერხმა ამ 15 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძე მიიყვანეს ტარიბანის საბადოსთან და ჭიქით "დაალევინეს" ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს ჩაადებინა ფული შემდგომ სამუშაოებში.
სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად!
ჯერჯერობით, ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში არაა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ციტატის სახით შეიძლება გაავრცელონ აქციონერების მოსატყუებლად. თუმცა ზოგიერთი ტელევიზიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს ალბათ სადმე გამოიყენებენ.
ჩვენ რას ვკარგავთ, იტყვიან ხოლმე.
რეპუტაციას!

„მთვარეზეც არის ბუნებრივი რესურსები. მარსზეც. შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია მისი მოპოვება დედამიწაზე გამოსაყენებლადა? რა თქმა უნდა არა.
აჭარის მიმდებარე ზღვაშიც "აღმოაჩინა" გაზი ასლან აბაშიძემ, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიებისა და დანახარჯების გათვალისწინებით, იგი ისეთივე მიუწვდომელი რესურსია, როგორც მთვარეზე არსებული სიმდიდრე.
ნავთობიც ყველგან არსებობდა, მაგრამ იგი გამოუსადეგარი იყო, სანამ ფიქალური შრეებიდან მისი მოპოვება არ გახდა შესაძლებელი.
თუ კი საქართველოში მართლაც სადღაც რაღაც ჰიპთეთური გაზის რესურსია ( რაც არ დასტურდება სერიოზული კვლევებით), ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ "ფრონტერამ" აბითუროს საქართველოს მთავრობა, აქციონერები და საზოგადოება.
მთავრობამ ნათლად უნდა გამოხატოს თავის პოზიცია და ან აიძულოს ლიცენზიის მფლობელი კომპანია დაიწყოს მოპოვება, ან გადასცეს სხვას, ან შეაწყვეტინოს სიცრუის გავრცელება, რაც ვნებს ქვეყნის იმიჯს და აკარგვინებს მრავლ მილიონს არაინფორმირებულ უცხოელ ინვესტორებს".

ეს კი ფრონტერას ბალანსია. ათეულმილიონიანი ზარალითა და აქციების ჩალისფასზე გაცილებით ნაკლები ღირებულებით.

კომენტარები