რუსთავი 2-ის საქმე

ტუღუში: R2 სიგნალი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემებია

მივედით იმ ეტაპამდე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, იმასაც აღარ ამბობს არავინ, რომ ეს არის ორ კერძო პირს შორის, მესაკუთრეებს შორის დავა. რეალურად, თავისთავად ცხადია, რომ მედია და მით უმეტეს რუსთავი ორი, არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მართლაც, ბევრს აქვს აღქმა, რომ ეს პროცესი დასრულდა და რუსთავი ორს არაფერი არ ემუქრება, ნურას უკაცრავად, შორს ვარ ამ აზრისგან. მე ძალიან ვაფასებ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დროულ რეაქციას, ვფიქრობ, იგივე რომ გაკეთებულიყო [ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე] სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, იგივე უგულავას საქმესთან მიმართებით, შეიძლება, ასეთი მძიმე სურათი არ მიგვეღო. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსთავი ორი იყო მკვეთრი წითელი ხაზი, რომელიც გადაიკვეთა და ძალიან რთულია, წარმოუდგენელია, დააჯერო ვინმე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლის თავზე, უცებ დადგა თემა, ვიღაც კონკრეტული პირის საკუთრების უფლების აღდგენის და, ამასთან ხელისუფლებას არ აქვს შეხება. ამას მერე მიყვა კასკადი მთელი რიგი საინტერესო მოვლენების, მათ შორის, სასწაულად დაჩქარებული სასამართლო პროცესი, ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განხილული სამოქალაქო დავაა, რომელიც იმდენად იჩქარეს, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვის მიღმა დარჩა, რომ აქ რაღაც კონკრეტული ინტერესი იპარებოდა. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, შეუძლებელია, დასავლელ პარტნიორებს დააჯერო, რომ დღეს ხდება კონკრეტული უფლების დარღვევაზე საუბარი და ორ კერძო პირს შორის დავის განხილვა. ეს წარმოუდგენელია. ამიტომ მივიღეთ ეს მძიმე რეაქცია. რა თქმა უნდა, რუსთავმა გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ გაცილებით უფრო დაკვირვებით დაიწყეს განსჯა სხვა ადამიანების უფლებათა პრობლემების, რომლებიც დგას ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს იყო სიგნალი ყველა დასავლელი პარტნიორისთვის, რომ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით არსებობს სერიოზული პრობლემები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ გიორგი ტუღუშმა შაბათის კურიერში ის საერთაშორისო ანგარიშები შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი საფრთხეშია.

კომენტარები